ახალი ამბები
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები კვლავ აპროტესტებენ ახალი სადგურის გახსნას
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ ცენტრალური ავტოსადგურის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სხვა სადგურის გახსნა. საუბარია სავაჭრო ცენტრ "ალიანსის" მიმდებარე ტერიტორიაზე.


ამჯერად მძღოლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და გუბერნატორი შეხვდნენ და საკითხის დეტალურ გარკვევას დაპირდნენ.


ცენტრალური სადგურის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები მეორე სადგურის გახსნას, უკვე, რამდენიმე თვეა, აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სადგურების მოწყობა მათ მუშაობაში ხელს უშლის, შემცირებულია მგზავრთა ნაკადიც და თანხა საწვავზეც არ ჰყოფნით. ამასთან, განმარტავენ, რომ ცენტრალური ავტოსადგური სტანდარტებს შეესაბამება. ისინი სხვადასხვა კერძო ინტერესზეც საუბრობენ.

თავის მხრივ, შპს “ექსპრეს 77”-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან და “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან” აქვთ და ფუნქციონირება 15 ივლისიდან დაიწყეს.
Print