ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ფოთის ისტორიის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს
ქალაქ ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის, კოლხური კულტურის მუზეუმის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

შესაბამისი ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა და მისთვის 887 199 ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რამდენიმე სამუშაო უნდა შეასრულოს, მათ შორის, გააძლიეროს ცოკოლისა და სართულშუა გადახურვების კოჭები, ჩაატაროს ფასადების რესტავრაცია, გაარემონტოს შიდა კედლები და ჭერი, აღადგინოს კიბის საფეხურები, მოაწყოს საინჟინრო კომუნიკაციები (შიდა ელექტრომომარაგება, ვენტილაცია-კონდიცირება, გარე წყალსადენ-კანალიზაცია). სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.

აღნიშნული მომსახურება კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან ერთ წელიწადში განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

ტენდერში წინადადებები 12-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი იგივე ქალაქ ფოთის ისტორიის მუზეუმი 1908 წელს საცხოვრებელი სახლის ფუნქციით აიგო. 1921-1978 წლებში შენობაში ქ. ფოთის აღმასრულებელი კომიტეტი იყო განთავსებული. ახლა მასში ფოთის კოლხური მუზეუმი ფუნქციონირებს.
Print