ახალი ამბები
წალენჯიხის საკრებულომ ეწერფერდის გზის რეაბილიტაციის პროექტს მხარი დაუჭირა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს ეწერფერდის თემის გზის რეაბილიტაციის პროექტი საკრებულომ მოიწონა.

დეპუტატებმა მხარი მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტს დაუჭირეს. რადიო „ათინათი“ წალენჯიხის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას ესაუბრა. ბელქანია განმარტავს, რომ აღნიშნული გზის სარეაბილიტაციოდ მილიონ ორასი ათასი ლარია გათვალისწინებული და თანხის მოძიება იწყება.

„ახლა ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან და ფონდებთან, რომ მოვიძიოთ თანხები. როგორც კი შევთანხმდებით, დაიწყება პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ეს სწორედ ის სოფელია, რომლის მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის მოთხოვნით ჯვარი-მესტიის გზის გადაკეტვა სცადა. ხმაურის და დაპირისპირების პარალელურად აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს და ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ეწერფერდელებს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა შეხვდა და მათ დაპირდა, რომ ეცდებოდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.

უფრო ადრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ მოიწონა მერიის მიერ წარდგენილი პროექტი ეწერფერდის გზის რეაბილიტაციაზე და მიზეზად დოკუმენტის ხარვეზი დაასახელა. მერია კი კატეგორიულად უარყოფდა ხარვეზიანი დოკუმენტის წარმომადგენლობით ორგანოში გადაგზავნას.


ამავე თემაზე:

ეწერფერდელები ხვალ მესტიისკენ მიმავალ გზას გადაკეტავენ - ჩააგდო თუ არა საკრებულომ რეაბილიტაციის პროექტი (ფოტო)

პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაგვაკავეს - აქციის მონაწილე (ფოტო)


Print