ახალი ამბები
პირველ სკოლაში დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ლიდერია
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნების“ სამეგრელოს რეგიონის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ზუგდიდის საკრებულოში მმართველი პარტიის სიით გასული წევრია. ნათია ხუფაცარია, რომელიც ამჟამად მეოთხე საჯარო სკოლაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას, ამტკიცებს, რომ ის ამ დრომდე მიჯნავდა მის პარტიულ და პროფესიულ საქმიანობას და მომავალშიც ასე აპირებს.

„მთავარი არის, რომ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა თავს არ მოვახვიოთ ჩვენს სკოლას. პოლიტიკურად თავისუფალი არის სკოლის სივრცე, ამაზე პასუხისმგებელი ვარ. არასდროს მიმიღია, როგორც სკოლის დირექტორს, პოლიტიკური დავალება და არც გამიცია მსგავსი დავალება. ჩემს სკოლაში პოლიტიკაზე საუბარი არ არის არასდროს, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. სკოლისგან თავისუფალ დროს მე მაქვს უფლება პოლიტიკური აქტიურობის, კანონი მაძლევს ამის უფლებას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ხუფაცარიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 51-დან 29 სკოლაში სამეურვეო საბჭოები დირექტორებს აირჩევენ. ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, თითოეულ ამ სკოლაში თითო კანდიდატია წარდგენილი.

Print