ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება
ამნისტია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ორ თვეში ამოქმედდება, არ შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას. ამის შესახებ "ეხო კავკაზას" დე ფაქტო პარლამენტის  დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ განუცხადა.

"არა, ამნისტიას ვერ მიიღებს [ირაკლი ბებუა]. თავიდან ჩვენც ვიფიქრეთ ამ სიტუაციაზე. თუმცა გამარჯვების ოცდაათი წლისთავის დღეს, რომ გავათავისუფლოთ ის კაცი, რომელმაც ჩვენი დროშა დაწვა, ვფიქრობ, ეს იქნება მკრეხელობა და ის ამნისტიაში არ შედის. ამნისტია ის აქტია, როცა საერთოდ არ უნდა ინტერესდებოდე კონკრეტული ადამიანით, მისი ბედით, მხოლოდ იმ მუხლებით უნდა ინტერესდებოდე, რომლითაც ისინი ციხეში არიან. მაგრამ ეს იყო სიტუაცია, როცა მაინც იყო პირადი ინტერესი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომ ამნისტია არ მიეღო. დიახ, ვთხოვე შსს-ს და დამიდასტურეს, რომ ეს პირი ამნისტიას არ ექვემდებარება", - უთხრა გამოცემას ხუტაბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება ამნისტიის შესახებ, რომელიც "ქართულ - აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით" გამოცხადდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ჯაშუშობის" ბრალდებით და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




Print