ახალი ამბები
სენაკის მერიამ მუსიკალური კლიპის გადასაღებად 110 000 ლარი გამოყო
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტზე ვიდეო რგოლის გადასაღებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოყო. ტენდერში, რომელშიც წინადადებები 2-დან 4 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებოდა, მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა ინდ. მეწარმე თამთა გაბრიჭიძემ (mail box) მიიღო. მან მერიას აღნიშნული მომსახურების საფასურად 91 500 ლარის გადახდა შესთავაზა. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ კომისიამ გადაწყვეტილების გამოტანა 11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ორი დღით გადადო. მიზეზად კი დოკუმეტაციის დეტალურად შესწავლის აუცილებლობა დაასახელა.

რაც შეეხება იმ მუსიკალური კლიპის შინაარს, რომელიც გამარჯვებულმა უნდა გადაიღოს, მასალა სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ღირსშესანიშნაობას უნდა აერთიანებდეს. ასევე, ნათქვამია, რომ სიმღერა „ცნობილმა და საყვარელმა“ მომღერლებმა უნდა შეასრულონ.

“კლიპის მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურული და მატერიალური ღირშესანიშნაობების წარმოჩენა, გაცნობა და პოპულარიზაცია. მუსიკალურ რგოლში ნაჩვენები უნდა იყოს ნოქალაქევის ციხე გოჯი, ტეხურის ხეობა, ტურისტული ობიექტები, შხეფის ციხე, გოგირდის წყლები (დედამოკა), ქ. სენაკი „წითელი აგურის ქალაქი“, ცნობილი სენაკელების სახლ-მუზეუმები, პირველი ავტომობილი საქართველოში და ასევე, სენაკის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კულტურულ-რელიგიური ღირშესანიშნაობა. მუსიკალურ რგოლში სიმღერა უნდა შეასრულონ ქართველი მსმენელისთვის საყვარელმა და ცნობილმა მომღერლებმა. აგრეთვე, კლიპში უნდა გამოჩნდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, წარმატებული სპორტსმენები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ცნობილი სენაკელები. ვიდეო რგოლი გადაღებული უნდა იყოს უმაღლესი ხარისიხის კინოკამერით, დრონით, სიმღერის ხანგრძლივობა უნდა იყოს 3-დან 4-წთ-მდე. ტექსტი, მუსიკა, არანჟირება დაწერილი და შესრულებული უნდა იყოს საქართველოში ცნობილი მუსიკოსებისა და ავტორების მიერ“, - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.

გარდა ამისა, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო მასალის სცენარის შექმნა და დამუშავება, ასევე, სლოგანის შერჩევა. ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდ დღეში მიმწოდებელმა სენაკის მერიას უნდა წარუდგინოს ვიდეო რგოლის სცენარი.

სრული მასალა კი გამარჯვებულმა ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში უნდა გაამზადოს.


ფოტო: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
Print