ახალი ამბები
ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია ზუგდიდშიც გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია თბილისის მსგავსად ზუგდიდშიც, სკეიტ პარკში გაიმართება.

შეკრება, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 24 ოქტომბერს, სამშაბათს, ოთხ საათზეა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები ორივე ქალაქიდან საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ბებუას გასათავისუფლებლად ნაბიჯები გადადგას.

“24 ოქტომბერს თბილისში "აფხაზური ამბების" მიერ დაგეგმილი სოლიდარობის აქციის პარალელურად, მოდი ზუგდიდში, 16:00 საათზე, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე. ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა ირაკლი ბებუას და შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მისი ვალდებულებაა ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება თავისი მოქალაქის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად!”, - წერენ ორგანიზატორები.

რამდენიმე დღის წინ “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მანამდე კი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობაში თქვეს, რომ ბებუას ამნისტია არ შეეხებოდა.

ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, წინასწარ იცოდნენ, რომ ამნისტია ბებუას არ შეეხებოდა, რადგან „დე-ფაქტო ორგანოებს მისი საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ“.


ამავე თემაზე:

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართება
Print