ახალი ამბები
ფოთის მერია საახალწლო განათებებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად 385 000-მდე ლარს დახარჯავს
ქალაქ ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტის დასარიგებლად და სადღესასწაულოდ ქალაქის მოსართავად 384 490 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხიდან 309 690 ქალაქის გასაფორმებლადაა გათვალისწინებული. ამავე მომსახურებაში შედის ნაძვის ხის მორთვის ღირებულება.


მერიის მიერ საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში შერჩევა-შეფასების ეტაპია. მსურველია კომპანია "შპს ქოლორფულ სფირით" , რომელმაც მომსახურების გაწევის ღირებულებად 187 650 ლარი დაასახელა. კომპანიამ მერიას საახალწლო მორთულობა, რომელშიც ნათურები და დეკორატიული კონსტრუქციებიც შედის, ნოემბრის ბოლომდე უნდა მიაწოდოს.

რაც შეეხება ქალაქის გაფორმების სამუშაოებს, 110 000 ლარად გამარჯვებულმა კომპანიამ სხვა დეტალებთან ერთად საახალწლოდ ნაძვის ხეც უნდა მორთოს. მომსახურების მიწოდების ბოლო ვადა 16 დეკემბერია.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის სადღესასწაულოდ გადასაცემი საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების შესასყიდად მერია 74 800 ლარს დახარჯავს. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ასეთი 1100 სასაჩუქრე შეფუთვა გამზადდება და მასში შედის გაყინული ქათამი, 15-15 კვერცხი, 2-2 კგ. შაქარი, 2-2 ერთ ლიტრიანი ზეთი, 2-2 კგ ფქვილი, 2-2 შედედებული რძე, შოკოლადი კანფეტები, თითო ნაცხვარი და 3-3 საახალწლო სათამაშო.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქციის მიწოდება არაუგვიანეს 26 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

Print