ახალი ამბები
ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული ზუგდიდელი ქალის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართება
ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული ზუგდიდელი ქალის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართება და საქმეს მოსამართლე გიორგი კურატიშვილი განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. საუბარია სოფო კვარაცხელიაზე, რომელსაც ქმარმა ცოლის დისა და მათი შვილის თვალწინ ცივი იარაღით 27 ჭრილობა მიაყენა. ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა პროკურორი და მოკლული ქალის დედა მის უვადო პატიმრობას მოითხოვენ.

„სასტიკი დანაშაული გასული წლის მაისში, თბილისში, №323 ავტობუსში მოხდა, რა დროსაც ქმარმა, არასრულწლოვანი შვილების და სხვა მგზავრების თვალწინ, ქალს 27 ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებებისა და მამაკაცის დომინანტური როლის დემონსტრირების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში 39 წლის მამაკაცი დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც საქმის პროკურორმა, ასევე მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატმა. პროკურორი ითხოვს, სასჯელის სახედ და ზომად, მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენებას ეთანხმება ფემიციდის მსხვერპლის დედაც, რომლის ინტერესების დაცვაშიც „უფლებები საქართველო“ 2023 წლის მარტის ბოლოს ჩაერთო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




ამავე თემაზე: 

ზუგდიდელ მამაკაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების თვალწინ მოკლა 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცი, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, ზუგდიდელია


Print