ახალი ამბები
„აფხაზეთი საქართველოა“ - დღეს ნიკოსეულ სასახლეში გამოფენა გაიმართება
დღეს, 30 ნოემბერს, 17.00 საათზე, უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გამოფენა - ,,აფხაზეთი საქართველოა'' იხსნება.

გამოფენის მიზანია, მუზეუმში დაცული, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებული არტეფაქტების წარმოჩენა, რომელთა უმეტესობა ადასტურებს, რომ აფხაზეთი საქართელოს განუყოფელი ნაწილია.

ორგანიზაციების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი, ხოლო შემდგომ უკვე მუზეუმის ფონდსაცავებში დაცული მასალები, მათ შორის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე XI-X საუკუნეებით დათარიღებული კოლხური ცული, სპილენძის ყალიბთან ერთად - თაგილონიდან, რუკები.

გამოფენაზე ასევე იხილავთ წარწერიან ქვას ჯეგეთიდან, (ასომთავრული ანბანური დამწერლობით შესრულებულს), რომელიც თარიღდება მე–17 საუკუნით, ლევან დადიანისა და აფხაზეთის კათალიკოსის, მალაქია გურიელის მოღვაწეობის პერიოდში.

წარმოდგენილია დიმიტრი და გიორგი შერვაშიძეების ხელნაწერები, აფხაზური მუსიკალური საკრავი - აფხიარცა და ფოტომასალა.

გამოფენა გაგრძელდება 24 დეკემბრამდე.

გამოფენის დათვალიერება მსურველებს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11.00-დან 17.00 საათამდე შეუძლიათ.







Print