ახალი ამბები
გაეროს წარმომადგენლებს გავაცანით ახალი წინადადებები გალის შეხვედრების (IPRM) გარშემო სიტუაციის განსამუხტავად - ტუჟბა გალუზინს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ გაეროს წარმომადგენლებს გააცნო ახალი წინადადებები, რომლებიც გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე

რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის აღდგენას შეუწყობენ ხელს.

ამის შესახებ მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც მხარეებმა ჟენევის დისკუსიების მორიგი, 59 - ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს, წერს „აფსნიპრესი“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გამგზავრებამდე, აფხაზური დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, „რუსეთში აფხაზეთის ელჩი“ ასლან კვიცინიაც ესწრებოდა.

გალის შეხვედრების აღდგენის, ასევე გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებზე ირაკლი ტუჟბამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან 23 ნოემბერს, სოხუმში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა. ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი, 59 - ე რაუნდი 2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართება.










 

Print