ახალი ამბები
სოხუმში ყოლბაიასა და შამბას ონლაინ საუბარს გამოეხმაურნენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბასა და დევნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ონლაინ საუბარს სოხუმში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაას“ თავმჯდომარე თემურ გულია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება შეუძლებელია, ამის შესახებ  „ეხო კავკაზა“ წერს.

„მე გამიჩნდა კითხვა: არის თუ არა ეს დიალოგი სანქცირებული ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ? უშიშროების საბჭოს მდივანი არის საჯარო მოხელე და მისი სიტყვები განიხილება როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ოფიციალური ხაზის ასახვა. აფხაზეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მოლაპარაკებების პროცესებთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტმა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში წარადგინა, რომელიც მოიცავდა პუნქტს საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა ამ საკითხს ჩვენი საზოგადოება პროტესტის ნიშნად გამოეხმაურა. საქმემ რესპუბლიკის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით ღია საპარლამენტო მოსმენამდეც მიაღწია. საბოლოოდ, პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მისი ადმინისტრაცია იძულებული გახდნენ მოეხსნათ აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მიუღებელი ეს პუნქტი“, - განაცხადა თემურ გულიამ.

„აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ ლიდერი ასლან ბარციცი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი კონტაქტების იდეის მხარდამჭერი ძალები, არც სოხუმში და არც თბილისში არ არსებობენ. ამისთვის არც ერთი მხარე არ არის მზად და თითოეულს თავისი მიზეზი აქვს. მისი სიტყვებით,“ საქართველოში გამრუდებული წარმოდგენა არსებობს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“.

„ისინი ისევ იქ არიან, საქართველოში მიაჩნიათ, რომ აფხაზეთი საქართველოა, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ და ა.შ. ასეთი გზავნილების ფონზე კონტაქტების ძებნა, ვფიქრობ, უსარგებლო იქნება“, - ამბობს ბარციცი. მისი შეფასებით შამბასა და ყოლბაიას შორის საუბარი პირადი ხასიათის იყო და მისი მიზანი ბუნდოვანი და გაურკვეველია.

„მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, - განაცხადა შამბამ ონლან დისკუსიისას.

მოგვიანებით, ვახტანგ ყოლბაიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ მისთვის მოულოდნელობა იყო, რომ სოხუმიდან თანამდებობის პირი დიალოგზე დათანხმება. დისკუსიას გამოეხმაურნენ თბილისშიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრიორიტეტი და მთავარი საკითხია, რომ არსებობდეს დიალოგი, რასაც ხელი უნდა შეეწყოს. რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, პაპუაშილმა ფორმატი არ დააკონკრეტა და თქვა, რომ ეს დროის საკითხია.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში, სადაც ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობდა, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.

ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.

სხვა საკითხებთან ერთად, გალის შეხვედრების განახლების თემა, 23 ნოემბერს, სოხუმში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობაზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა, 11- 12 ივლისს, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58 - ე რაუნდზეც ისაუბრეს.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი, 59 - ე რაუნდი 2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართება.

 

Print