ახალი ამბები
მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში - ბჟანია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებზე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყოველთვის რუსეთის დახმარების იმედად ვერ იქნებიან.

მისივე თქმით, „სტრატეგიულ მოკავშირე"რუსეთის ფედერაციასთან ერთად მათ ჰქონდათ არმიის გადაიარაღების, აღჭურვის და გაწვრთნის შესაძლებლობა, განსაზღვრული იყო პირობები და გათვლილი იყო პლუსებიც, მაგრამ ეს არ მოხდა, იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური. ამავე ცნობით, ბჟანიას კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, გულისხმობდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შექმნილ სიტუაციას.

ასლან ბჟანიას თანახმად, ბოლო წლებში „აფხაზეთის გარშემო მსოფლიო გახდა ადრინდელზე უფრო ნაკლებად მყუდრო და მშვიდი“, თუმცა მისივე თქმით, „მშვიდად დაძინებას და გაღვიძებას“ თანამედროვე რაკეტებით, დრონებით, ტანკებით, თვითმფრინავებით და საჰაერო თავდაცვის სისტემით აღჭურვილი არმია და შესაბამისად ჩაცმული და გაწვრთნილი ჯარისკაცების სჭირდება.

მან აღნიშნა, რომ დღესდღეობით სოხუმში საკუთარი ფულით უწევთ თვითმფრინავების შეკეთება, ყაზარმების მშენებლობა და არმიის პირადი შემადგენლობის აღჭურვა, ასევე დრონები და სხვა ტექნიკის, შეძენა, თუმცა, ეს ზომები არასაკმარისია.

ბჟანიას შეფასებითვე, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ბოლო ფაზაში შევიდა და „სისხლიანი ტრაგედიის“ დასასრული შორს აღარ არის. მისივე თქმით, აფხაზეთს ყოველთვის ვერ ექნება რუსეთის „უანგარო დახმარების“ იმედი, რადგან სახსრები მიმართული იქნება დღევანდელი საბრძოლო მოქმედებებით დაზარალებული რეგიონებისკენ.

ბჟანიამ შეხვედრაზე ისიც აღნიშნა, რომ რომ დღევანდელ გლობალურ დაპირისპირებაში „აფხაზეთი ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია“ და აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს არ სურთ, რომ აფხაზეთი მსოფლიოს ნაწილი იყოს.

„მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რათა ეს მოხდეს“, - განაცხადა ბჟანიამ.

ის მიიჩნევს, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რათა აფხაზეთი არ განვითარდეს და სწორედ ამიტომ აირჩიეს მსოფლიოს სხვა არქიტექტურის ნაწილად და რუსეთთან ერთად ყოფნა.

2022 წლის მარტში, მოსკოვმა განაცხადა, რომ გეგმავს ეტაპობრივად შეუმციროს დაფინანსება სოხუმსა და ცხინვალს.

რუსეთმა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ ცნო. გარდა რუსეთისა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.





Print