ახალი ამბები
„აფხაზური ეროვნების აღდგენის“ შესახებ კანონს „საზოგადოებრივმა პალატამ“ დაუჭირა მხარი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივმა პალატამ მხარი დაუჭირა "სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ე.წ. პარლამენტმა 7 დეკემბერს მიიღო.

მიმართვაში, რომელსაც ისინი ავრცელებენ, ნათქვამია:

"ეს მოვლენა ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ორაზროვნად აღიქვა, რაც გასაგებია, ვინაიდან ეროვნების და გვარების გადაკეთების თემა საკმაოდ მგრძნობიარეა, ის ეხება ეროვნული იდენტობის ფაქიზ სფეროს, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დღევანდელ პირობებში, რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ასოცირდება აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს საკანონმდებლო აქტი გახდება სტიმული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზებს, რომლებიც მე-19-20 საუკუნის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა პირდაპირი შთამომავლები არიან, ექნებათ აფხაზური ეროვნების დამადასტურებელი გვარები".

მათ შორის, ვინც გააკრიტიკა ცვლილება, არის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "არუაას" წევრი და გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ნადარაია.  მისი თქმით, ""სახალხო კრებამ", ფაქტობრივად დააკანონა "აფხაზეთის მოქალაქეობის" მასობრივად მინიჭება გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა "სამოქალაქო სტატუსის აქტების შესახებ" კანონში ცვლილება შეიტანეს, რომელიც "აფხაზური ეროვნების აღდგენის" უფლებას ითვალისწინებს. ამავე ცნობით, მიღებული ცვლილებების ინიციატორი აფხაზი ოპოზიციონერი კან კვარჩია იყო. 

დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი. ცვლილების შედეგად კი „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ და გვარის აღდგენის უფლება უნდა მიეცეთ „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც არიან ეთნიკურად აფხაზები (აბაზა), იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეების ისტორიული მოვლენების შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება (აბაზა)".




ამავე თემაზე: 

აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენის შესახებ კანონი ძალაში რჩება - კვარჩია

აფხაზმა დეპუტატებმა აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენის შესახებ "კანონის" ამოქმედება გადაიფიქრეს

Print