ახალი ამბები
სააპელაციომ მოკლული ზუგდიდელი ქალის დედის მოთხოვნა ყოფილი სიძისთვის უვადო პატიმრობის შესახებ არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ზუგდიდელ როინ მებონიას, რომელმაც ავტობუსში, შვილების თვალწინ ცოლი მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

ბრალდების მხარე და მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა.

პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, სამომავლოდ პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს.

მოსამართლემ უვადო პატიმრობის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მისი განმარტებით, არ იყო მიზანშეწონილი უვადო თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც პირი არის შეზღუდული შერაცხადი.

მოკლულის დედა ხათუნა ნაჭყებია სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ იბრძოლებს ბოლომდე და განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

როინ მებონიამ დანაშაული 2022 წლის 21 მაისს ჩაიდინა, პოლიციამ ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.



ამავე თემაზე: 

ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული ზუგდიდელი ქალის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართება

ზუგდიდელ მამაკაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების თვალწინ მოკლა 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


Print