ახალი ამბები
აფხაზი მინისტრი ზუგდიდში ინკოგნიტოდ ჩავიდა - "არუაა"
ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაა" აცხადებს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

ამავე ცნობით, მათ ინფორმაცია "სანდო წყარომ" დაუდასტურა:

"თავდაპირველად ჩვენ ეს ანონიმური წყაროს ცრუ გამოხტომად მივიჩნიეთ და არ გვჯეროდა, მაგრამ დღეს ეს ინფორმაცია სანდო წყარომ დაადასტურა. ენგურის საგუშაგო - გამშვებ პუნქტზე ჯერ ისევ მსახურობენ ნამდვილი პატრიოტები". 

"ეხო კავკაზას" თანახმად, "ოპოზიციური ძალები" აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, დე ფაქტო რესპუბლიკის არცერთი მაღალჩინოსანი არ ჩამოსულა დანარჩენ საქართველოში. მათივე ცნობით, ენერგეტიკის საკითხებზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალის რაიონში იმართებოდა.

" ოზგანმა საქართველოს ტერიტორიაზე ინკოგნიტოდ იმოგზაურა და აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობას დაუმალა თავისი ვიზიტი. არავინ იცის, რაზე ისაუბრა ქალბატონმა ოზგანმა და ვის შეხვდა. თუ ეს ენერგეტიკული საკითხებია, მაშინ ჩვენ არ ვიცით რა განიხილეს, რა შესთავაზა აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის სანაცვლოდ - პოლიტიკური დათმობები თუ სხვა რამ? ცოტა ხნის წინ, აჟიოტაჟი გამოიწვია ქართველი დეპუტატების აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლამ და მათ ფარულად სტუმრობამ აფხაზეთის სალოცავებში. მაგრამ არაფერი აჩერებს მათ, ვინც ფლობს ძალაუფლებას და ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას. როგორ ბედავთ, აქტიურო პოლიტიკოსებო, ხალხისგან მალულად, მტრის ქვეყანაში ჩასვლას და ჩვენი სახელით მოლაპარაკებას?" - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზი "მინისტრის" ზუგდიდში ვიზიტზე თბილისში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, წერს გამოცემა.

განცხადების ავტორების დარწმუნებულები არიან, რომ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას თანხმობის გარეშე "ეს ვიზიტი შეუძლებელი იქნებოდა". "არუაა" მიმართავს ე.წ. პარლამენტს და ეკონომიკის ე.წ. მინისტრის "პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას" ითხოვს.

"მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა (კრისტინა) ოზგანმა საჯაროდ უნდა მოუხადოს ბოდიში აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობას ან დაუყოვნებლივ გადადგეს", - ნათქვამია განცხადებაში.

"არუაა" ასევე მიმართავს პარტია "ამცახარას" და სოხუმში მოქმედ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შეფასება მისცენ ქრისტინა ოზგანის "უკანონო ქმედებებს".

Print