ახალი ამბები
ვგმობთ მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის მცდელობას გმობს და ფაქტს უკანონოს უწოდებს. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებთან გამართულ სატელეფონო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები", - აღნიშნა მილერმა.

27 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელსაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა და დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ. სახალხო დამცველმა კი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა შეაფასა, როგორც ანტიკონსტიტუციური ქმედება.

Print