ახალი ამბები
ექსტრადირება განხორციელდა პირის, რომელსაც ზუგდიდის სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლონეთიდან საქართველოში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა, ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა კიდურების მიმართულებით და მძიმე დაზიანებები მიაყენა.

აღნიშნულის შემდეგ, ექსტრადირებულმა პირმა თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულის მამაზე, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.

ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ძებნილი პირი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ვარშავის ინტერპოლიდან მიმდინარე წლის 13 დეკემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

დანაშაულის ჩამდენი პირის საქართველოში ეტაპირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც ყველა ზომას მიიღებს, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

Print