ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტი შესაძლოა სოჭის ჰაბი გახდეს - მედია
სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში ბაბუშარას აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტოები გავრცელდა, წერს ინტერნეტ - გამოცემა „აიაირა“.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე სპეციალისტები ძველ შენობა - ნაგებობებს დაანგრევენ და შემდეგ გასუფთავებულ ტერიტორიაზე ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყება.

აქვე ვკითხულობთ, რომ აეროპორტი, რომელმაც მუშაობა 1993 წელს შეწყვიტა, 2025 წლისთვის ამოქმედდება, ხოლო ტექნიკური ფრენები 2024 წლის ივლისს დაიწყება. ამავე ინფორმაციით, „ვესტი სოჩი“ იტყობინება, რომ სოხუმის აეროპორტი შესაძლოა, სოჭის სარეზერვო ჰაბი გახდეს, რაც განტვირთავს რუსულ საკურორტო აეროპორტს და „ფსოუს“ საავტომობილო - გამშვებ პუნქტს ე.წ. საზღვარზე.

მოსკოვსა და სოხუმს შორის ბაბუშარას აეროპორტში საქმიანობის აღდგენის შესახებ „შეთანხმება“ სანქტ-პეტერბურგში 2023 წლის ივნისში გაფორმდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტმა“ დოკუმენტის რატიფიცირება იმავე წლის 26 ივლისს მოახდინა. ამავე ცნობით, ბაბუშერას აეროპორტის აღდგენა 2024 წლისთვის იგეგმება. აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.

2023 წლის ოქტომბერში დე ფაქტო რესპუბლიკის "მთავრობამ" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

ამავე ინფორმაციით, შეთანხმების პირობებით, აღდგება აეროდრომი, განახლდება 3100 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი, რაც შესაძლებელს გახდის თანამედროვე რუსული და უცხოური წარმოების თვითმფრინავების მიღებას. ასევე, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი და გარემონტდება ისტორიული აეროპორტის შენობა, ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა იქნება 1300 მგზავრი საათში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობს სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას.

Print