ახალი ამბები
ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის მშენებლობა შესაძლოა წელს დაიწყოს , - შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს მდივანმა" სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივ საბაზო პუნქტის მოწყობა უკვე მიმდინარე წელს შეიძლება დაიწყოს, ამის შესახებ მან "რის ნოვოსტის" უთხრა.

მანამდე აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემების მუდმივი ბაზირების პუნქტი დაპროექტების პროცესშია:

"მაგრამ უკვე წელს შეიძლება დაიწყოს მისი ფუნქციონირება , თუმცა მიჭირს ამოქმედების ზუსტი თარიღის დასახელება, ასევე იმის თქმა, თუ სად განთავსდება იგი."

ამასთან შამბა დასძენს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ბაზის მშენებლობა მოსკოვსა და სოხუმს შორის "ალიანსის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების სულისკვეთებას" ეხმაურება.

"რუსეთმა თავის თავზე აიღო ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი, 2008 წლიდან არ გვაქვს არანაირი ინციდენტი გემების დაკავებასთან დაკავშირებით ზღვაზე, მშვიდი ვითარებაა სასაზღვრო ზონაშიც. შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები და აფხაზური მხარესაც აქვს. და ჩვენც ვასრულებთ მათ", - აღნიშნა მან.

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზების შექმნის შესახებ ბჟანიამ განაცხადა.

განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება - თბილისში მიიჩნევენ, რომ "მსგავსი ქმედებები არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა".

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ოჩამჩირეში, სამხედრო - საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება, "რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილებაა".

Print