ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომლებს, რომლებიც ნიკა მელიას უჭერენ მხარს, ხელშეკრულებები არ გაუგრძელეს
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თემურ ბასილაიას, რომელმაც პარტია "ნაციონალური მოძრობა" დატოვა, თანაშემწეები აღარ ჰყავს. გადაწყვეტილება საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე "ქართული ოცნების" 4 წევრთან ერთად ფრაქცია ენმ-ს იმ ორმა წევრმა მიიღო, რომელიც პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩა. შესაბამისად, ე.წ. "მელიას გუნდის" წევრებს - მაია კუკავას, მირანდა გოგოხიასა და ბესიკ ჭეჟიას ხელშეკრულებები შეუწყდათ.

თანამდებობიდან გაშვებული მაია კუკავა "ხაბეიშვილის ფრთის" გადაწყვეტილებას პარტიულ დირექტივებსა და მელიას მხარდაჭერის გამო შურისძიებას უკავშირებს.

" ჩვენ გავხდით ნიკას გუნდის წევრები, არჩევანი თეთრსა და შავს შორის რომ გავაკეთეთ, აი, ამიტომ მოხდა ჩვენზე შურისძიება. ამდენი წლის თანამშრომლები ერთად მოვდიოდით და პირველი ნომერი ქოცები გაგვიხდნენ. რა თქმა უნდა, გოროზია-წითლიძის შეთითხნილი იყო. პირველ საათზე იურიდიული სხდომა იყო და თერთმეტ საათზე თათბირი მოიწვიეს. მათი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო კიდევ ჰო, იქ იყო ზეწოლები და ასე შემდეგ. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ასე უნდა გაეკეთებინათ", - აღნიშნა კუკავამ.

თავის მხრივ, ენმ-ის წევრი ირაკლი სორდია, რომელმაც ყოფილი თანამებრძოლებისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას მხარი თანაგუნდელთან ერთად არ დაუჭირა, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მედიასთან საუბარს არ აპირებს.

ვინ დაიკავებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის პოზიციას ან დაინიშნება თუ არა ვინმე ამ პოსტზე, ამ დროისთვის, უცნობია.

იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა საკრებულოში ორი დღის წინ გაიმართა.



Print