ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე დაიღუპა - მედია
უკრაინაში, რუსეთის მხარეს მებრძოლი, აფხაზეთის კიდევ ერთი მკვიდრი, ვლადიმერ ხარაბუა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა "სპუტნიკს" , "პიატნაშკას" ბატალიონის მეთაურმა ახრა ავიძბამ შეატყობინა.

მისივე ცნობით, აფხაზი მებრძოლი, უკრაინელების მიერ ავდეევკას შტურმისას დაიღუპა.

მანამდე, 10 იანვარს, რესპუბლიკის კიდევ ერთი, მკვიდრი დავით საბეკია დაიღუპა ხერსონის ოლქში. მამაკაცი, რუსეთის შეიარაღებული ძალებში მსახურობდა.

გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში დონბასიდან სოხუმში გადაასვენეს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების, 31 წლის შამილ დასანიას, 35 წლის მარზაყან აჩბას და 38 წლის თემურ ხარიაშვილის ცხედრები.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ისინი "დონბასის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში" დაიღუპნენ.

მათივე მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთის მხარეს მებრძოლი თერთმეტი აფხაზი მოხალისის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. იმავე წლის 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.








Print