ახალი ამბები
სოხუმში ხანძარს გადარჩენილ ნამუშევრებს რუსი რესტავრატორები შეისწავლიან
სოხუმში, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოებში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა.

"უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა ხანძრიდან, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა", - დაწერა მან ტელეგრამის არხში.

ლუბიმოვამ მომხდარს უწოდა "ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა აფხაზეთისთვის".

მიმდინარე წლის 21 იანვარს, სოხუმში, სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა "ოქროს ფონდი". მასში ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა - შერვაშიძის 300 - მდე ნამუშევარი.



მერი შერვაშიძის პორტრეტი -  ალექსანდრე ჩაჩბა - შერვაშიძის კოლექციიდან, რომელიც გალერეაში ინახებოდა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრის დინარა სმირის განცხადებით,  ხანძარს 150 - მდე ნახატი გადაურჩა.

აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ „გენერალურ პროკურორს“ მომხდარის მიზეზების დადგენა დაავალა, წერს ადგილობრივი მედია.  ადგილზე სახანძრო - ტექნიკური ექსპერტიზა მუშაობს, განიხილება ყველა შესაძლო ვერსია, მათ შორის ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაც.


ფოტო:
ფონდი "ასარკია" 





Print