ახალი ამბები
ყოფილმა თანამებრძოლმა ანა წითლიძეს პოლიციაში უჩივლა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა გელა შედანიამ ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრსა და პარლამენტის დეპუტატს ანა წითლიძეს უჩივლა. მან სარჩელი ზუგდიდის პოლიციაში ცოტა ხნის წინ შეიტანა. შედანიამ საგამოიებო უწყებაში მიიტანა ე.წ. სქრინები, რომლებზეც წითლიძის კომენტარებია ამობეჭდილი.

შედანია ამტკიცებს, რომ ანა წითლიძე მას ცილს სწამებს და ამასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

"რა შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერა, წავიკითხეთ. დამაბრალა ქურდობა და ასე შემდეგ, ამის გამეორებაც მიჭირს. მივმართავ პოლიციას, რომ დაიწყოს ძიება. გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორი მორალის ადამიანი ზის დღეს პარლამენტში. მისი მანკიერი სახის დამალვა გვიწევდა ხოლმე, რის გამოც ბოდიშს ვუხდი ყველას. მოიხსნა ახლა ნიღაბი და ასე წარსდგა საზოგადოების წინაშე. ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით თანამებძოლები. მე მელიას მხარდამჭერად დავრჩი.

ცალკე ტრაგედიაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მივმართავ პოლიციას, მაგრამ ვნახავ, შემოდებენ ამ საქმესაც თაროზე თუ არა", - უთხრა ჟურნალისტებს გელა შედანიამ.

ყოფილი თანამებრძოლების დაპირისპირება სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს თანამშრომელმა მაია კუკავამ ანა წითლიძესთან მიმოწერა გაასაჯაროვა, რითაც ენმ-ს ასევე ყოფილმა წევრმა წითლიძეს ბრალი ზეწოლასა და მუქარაში დასდო. 











Print