ახალი ამბები
სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ექსპონატების აღდგენაში ქართველი კოლეგების დახმარების საჭიროება არ დგას - საქანია
სოხუმში რუსი რესტავრატორების პირველი ჯგუფი ჩავიდა. დელეგაციას რუსეთის მუზეუმებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნატალია ჩეჩელი ხელმძღვანელობს, წერს სააგენტო „აფსნიპრესი“.

ამავე ცნობით, რუსეთიდან ჩასული სპეციალისტები სამხატვრო გალერეაში მომხდარ ხანძარს გადარჩენილ ნახატებსა და დოკუმენტებს შეისწავლიან.

მანამდე „აფხაზეთის ეროვნული სამხატვრო გალერეის“ დირექტორი სურამ საქანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივას გამოეხმაურა, დადებითად შეაფასა ის, თუმცა აღნიშნა, რომ ექსპონატების აღდგენაში ქართველი კოლეგების დახმარება, სავარაუდოდ, არ დასჭირდებათ, რადგან რუსეთიდან ელოდებიან 16 რესტავრატორის ჩასვლას.

„რა თქმა უნდა, კარგია, რომ მათ გამოთქვეს სურვილი, იმიტომ რომ ხელოვნებას არ უნდა ჰქონდეს საზღვრები. თუკი ისინი სამომავლოდ, რაიმე საშუალებებით შეძლებდნენ, ნამუშევრების ნაწილის ჩვენთვის გადმოცემას - ეს სხვა ამბავია. რესტავრაციისთვის, როგორც მეჩვენება, მათი დახმარებას არ არის საჭირო“, - განუცხადა მან gazeta.ru. - ს

მიმდინარე წლის 21 იანვარს, სოხუმში, სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა "ოქროს ფონდი", ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი, მათ შორის ალექსანდრე შერვაშიძე - ჩაჩბას 300 - მდე ნამუშევარი. ხანძარს მხოლოდ 150 – 200 ნახატი გადაურჩა.




Print