ახალი ამბები
ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდში, რაიონულ პროკურატურასთან, გამოსახლების საქმეზე დაკავებული ზუგდიდელი გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა. შეკრებილებს ხელში ეჭირათ პროტესტის გამომხატველი ტრანსპარანტები და მოითხოვეს დაკავებულთა გათავისუფლება.

"ჩვენ ვთვლით, რომ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ადგილი ციხეში არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არის შერჩევითი სამართალი. არსებობს უამრავი ქეისი იმის, რომ მკვლელობაში და ძალადობაში ბრალდებულები დღეს არიან გარეთ იმის გამო, რომ არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩაგრულთა მხარეს იყვნენ და მორჩეს ამ ქვეყანაში გამოსახლებები უკანასკნელი საცხოვრისიდან. პროტესტის ამ ფორმას მიმართეს ამის გამო, რომ ცდილობდნენ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ, რადგან იქ იყო პოლიციის მხრიდან გაზის გაშვების საშიშროება. ამის კადრები არსებობს და პროკურატურამ მოითხოვა მათი ორთვიანი პატიმრობა. ჩვენი მიზანი, ჩვენი ვალი არის ის, რომ გიორგი და კაკო გათავისუფლდნენ", - თქვა რადიო "ათინათთან" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ლაშხიამ.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს, თბილისში, გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალი მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს და მისი დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდელ კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ


Print