ახალი ამბები
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახში ძალადობისთვის დაკავებული დამნაშავედ ცნეს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს გენდერის ნიშნით ოჯახური ძალადობის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატური ცემის, მუქარის, იძულებისა და სასამართლოს უპატივცემულობის საქმეები და აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, 2023 წლის 12 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის განხილვისას, გამოხატა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა და პროკურორს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Print