ახალი ამბები
მუჟავაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას თქმით, პროცესში წუხელ საღამოდან ჩართული იყო ჯვარის, ზუგდიდისა და ხობის სახანძრო ბრიგადები.

„წუხელ, ღამის ორ საათზე, მუჟავაში დასახლებულ პუნქტთან ახლოს 4 ლოკაციაზე გაჩნდა ცეცხლი. დაახლოებით, ოთხი საათის განმავლობაში სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ებრძოდნენ ცეცხლს, რომ დასახლებულ პუნქტამდე არ მისულიყო და მოახერხეს ლოკალიზება. მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება. მიმდინარეობს მოკვლევა, რა მოხდა, თუმცა, პირველადი მონაცემებით, სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მიწის მომზადება გახდა“,- აღნიშნა ბელქანიამ.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით, 5 ჰექტარზე იყო გავრცელებული.

ამავე ცნობით, კვლავ ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.



ფოტო: წალენჯიხის მერია
Print