ახალი ამბები
კანონპროექტით, ძაღლების თავშესაფარი სენაკსა და მესტიაში უნდა აშენდეს
"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მიუსაფარი ცხოველების მუნიციპალური თავშესაფრების აშენება სხვა ქალაქებთან ერთად სენაკსა და მესტიაშიც იგეგმება.

პროექტის ავტორების ცნობით, 2025 წელს მოსალოდნელია კაპიტალური ხარჯები თავშესაფრის ინფრასტრუქტურის შექმნის, სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შეძენის კუთხით. აღნიშნული მოიცავს 11 ახალი ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენებას და ერთის (ქუთაისის) გაფართოებას.

ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით, თავშესაფრების რაოდენობა და ადგილმდებარეობა სხვადასხვა პრინციპის თანახმად შეირჩა.

"თითოეულ რეგიონში შეირჩა გეოგრაფიულად ყველაზე მოქნილი ადგილმდებარეობის მქონე მუნიციპალიტეტი, რომლამდეც რეგიონის მუნიციპალიტეტების დასახლებული პუნქტებიდან ცხოველთა მიყვანა არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულად დიდ ხარჯებთან, დაშორების მანძილის ოპტიმალურობიდან გამომდინარე. თავშესაფრების რაოდენობის და ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში, ასევე, გათვალისწინებულ იქნა მუნიციპალიტეტების დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობა, იმდენად, რამდენადაც მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა მაღალ დადებით კორელაციაშია ამ მონაცემთან მიმართებაში. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ასევე, შეფასდა მეზობელი მუნიციპალიტეტების იმ მოსაზღვრე, მოქნილი ადგილმდებარეობის მქონე მუნიციპალიტეტთან მიკუთვნების საკითხი, სადაც უნდა აშენდეს თავშესაფარი, სატრანსპორტო ხარჯის შემცირების მიზნით. აღნიშნული ანალიზის/ოპტიმიზაციის შედეგად ახალი თავშესაფრების განსათავსებლად შეირჩა შემდეგი მუნიციპალიტეტები (,,მუნიციპალური ცენტრები""): ბათუმი, ოზურგეთი, ზესტაფონი, დუშეთი, ამბროლაური, სენაკი, მესტია, ახალციხე, ახალქალაქი, რუსთავი და მარნეული", - მიიჩნევენ ავტორები.

პროექტში არაფერი წერია ზუგდიდში თავშესაფრის აშენებაზე, არადა, აქ მშენებლობა 2019 წლიდან ანონსდება.

მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის მშენებლობა ქალაქ ზუგდიდის მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ 2019 წელს რადიო "ათინათის" დილის ეთერში დააანონსა. მოგვიანებით, იმავე წლის მაისში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიაზე ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს "კოლოსმა" გაიმარჯვა.მაშინ მგფ-ში ამბობდნენ, რომ სამეტაპიანი პროექტირების დასრულების საბოლოო ვადა 2020 წლის იანვარი იყო. 2021 წლის მარტში კი უწყებაში განმარტავდნენ, რომ იმ დროისთვის მშენებლობის დაწყება არ იგეგმებოდა, ამის მიზეზი პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა იყო.

2023 წლის ნოემბერში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიუსაფარი "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა, რომელიც ორ ძირითად პუნქტს მოიცავს.

წარმომადგენლობითი ორგანოს ინფორმაციით, მერიას კერძო სამართლის იურიდიული პირის (კომერციული) დაფუძნებისათვის ვადა 2024 წლის 1-ელ ივნისამდე, ხოლო თავშესაფრის მოსაწყობად 2025 წლის 1-ელ ივნისამდე განესაზღვრა.

ამ დრომდე მუნიციპალიტეტი მიუსაფარი ძაღლების პრობლემას მათი ნაწილის ოზურგეთის თავშესაფარში დროებით გადაყვანით ებრძვის, სადაც ცხოველებს შესაბამის მომსახურებასთან ერთად, კასტრაცია-სტერილიზაცია უტარდება.



ამავე თემაზე:

საკრებულომ ზუგდიდის მერიას მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მოწყობა დაავალა


Print