ახალი ამბები
ზუგდიდში უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურთან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ქალი და მამაკაცი სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებული ცოლ-ქმარია და სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მათი პირადი ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

ასევე, ადვოკატების ცნობით, დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან პრეტენზია არ გააჩნიათ და თანამშრომლობაზე თანახმა არიან.

სავარაუდოდ, პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, თუმცა დაცვის მხარე გირაოს შეთავაზებას აპირებს. 

დაკავებულებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებში, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
Print