ახალი ამბები
სენაკის საკრებულოში აუდიტის საქმიანობის შეფასება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერიის იმ სამსახურების ხელმძღვანელების მოსმენას მოითხოვდნენ, რომელთა საქმიანობაში შიდა აუდიტის სამსახურმა 2022 წელს ხარვეზები და დარღვევები აღმოაჩინა.

ოპოზიციონერი საკრებულოს წევრები საუბრობენ არამიზნობრივ ხარჯებზე და ყურადღებას ამახვილებენ სამართლებრივი რეაგირების მნიშვნელობაზე.

"აუდიტის დასკვნაზე იმდენი დარღვევაა დაფიქსირებული, ამაზე ლაპარაკი ძალიან დიდ დროს მოითხოვს. მაგალითად ახალგაზრდულმა სამსახურმა 2022 წელს 8 დაგეგმილი ღონისძიებიდან ჩაატარა ერთი. დანარჩენი შვიდი ვერ ჩაატარა გაუგებარი მიზეზის გამო.

ასევე, აუდიტი წერს, რომ ერთმა ფეხბურთელმა 5 ივნისს ერთდროულად ითამაშა, ერთსა და იმავე დროს, დღის 2 სთ-ზე ფოთსა და წალენჯიხაში. აუდიტმა ვერ აღმოაჩინა საბუთებში გახარჯულად ნაჩვენები საღებავები, გვარჯილა და ა.შ. წალენჯიხაში", - თქვა ენმ-ს წევრმა ლაშა კუჭავამ.

როგორც კუჭავა ამბობს, ის მოითხოვს კრიტიკული დასკვნის ნაწილის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობას, რაც, მისი თქმით, "ქართული ოცნების" ინტერესებში არ შედის.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას, საბა ოდიშარია განმარტავს, რომ არცერთი ფაქტი, რომელზეც აუდიტის დასკვნაში არის საუბარი, სისხლის სამართლებრივ ნიშნებს არ შეიცავს. ფაქტებთან დაკავშირებით კი საკრებულო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებს.

"აუდიტის დასკვნა და შინაარსი არ არის სადამსჯელო. აუდიტის შინაარსია ის, რომ სამსახურებს დავუდგინოთ გარკვეული შენიშვნები თუ ხარვეზები და მათ გაუმჯობესებასა და ეფექტურობის გაზრდაზე იმუშაოს.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2021 წელს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები იყო და როდესაც სჭირდებოდა მერიას მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერა თანხების კორექტირებაში, ბიუჯეტის გადანაწილებაში და აშ, 2022 წელს, ოქტომბრის თვემდე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ იყო შედგენილი და ესეც მათ უქმნიდა დამატებით შეფერხებას", - განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე განმარტებით, ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, იყო დოკუმენტაციების ხარვეზით შევსების ფაქტები.

კომენტარი არ გაუკეთებია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც სხდომა მედიასთან კომუნიკაციის გარეშე დატოვა.

სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე ნანა ზარანდია, რომელმაც განმარტა, რომ ის ამ ეტაპზე აუდიტის დასკვნის შინაარსს არ იცნობს, რადგან საკრებულოზე ახლა მხოლოდ აუდიტის საქმიანობას აფასებდნენ. მერიას კი აღრიცხულ დარღვევებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება სამსახურების მოსმენის შემდეგ ექნება.

Print