ახალი ამბები
ბიჭვინთის შეთანხმების მსგავს „საერთაშორისო ხელშეკრულებებზე“ ე.წ. პარლამენტს წინასწარ ეცნობება - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „აღმასრულებელმა ხელისუფლებამ“  წინასწარ უნდა აცნობოს ე.წ. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის განზრახვის შესახებ.
„საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ცვლილებები „დეპუტატებმა“ ე.წ. კანონში 28 თებერვალს შეიტანეს, იუწყება ტელეგრამის არხი „ეხო აბხაზიი“.

დოკუმენტის წარდგენისას, „საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ“ ალხას ბარციცმა განაცხადა, რომ სოხუმის სახელით დადებული ხელშეკრულების პროექტი, „სახალხო კრებას“ ხელმოწერამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე 10 დღით ადრე უნდა გადაეცეს დასამტკიცებლად.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, „კანონის“ მიღებას ეწინააღმდეგებოდა ბატალ აიბა, რომელიც გასულ კვირას „პარლამენტში პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენლად“ დაინიშნა.

მანამდე, როგორც გამოცემა წერს, აფხაზური საზოგადოება „საერთაშორისო ხელშეკრულების“ გაფორმების შესახებ მხოლოდ მისი ხელმოწერის შემდეგ იგებდა. კერძოდ, საუბარია „ბიჭვინთის შეთანხმებაზე“, რომლის რატიფიცირება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს, გამთენიისას მოახდინა. იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.




Print