ახალი ამბები
გალის რაიონიდან მოსახლეობის გადინების მხრივ მძიმე სიტუაციაა - ფილია
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ აფხაზ ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსახლეობის გადინების თვალსაზრისით, გალში მძიმე მდგომარეობაა.
მისი მონაცემებით, 2011 წლის აღწერით, გალის რაიონში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 23 ათასი - სოფლებში, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ 2024 წელს აღწერის ჩასატარებლად დე ფაქტო ხელისუფლება მზად არა არის. 

ფილიას თქმით, გალის რაიონში 2023 წელს 137 ბავშვი დაიბადა, თუმცა ოფიციალურად 59-ის დაბადების მოწმობა გაიცა.

„ბავშვები სამშობიარო სახლში იბადებიან, თუმცა რეესტრს დაბადების მოწმობის გაცემა არ შეუძლია, ვინაიდან მშობლებს დოკუმენტები არ აქვთ“, - ამბობს ის.

ფილიას ინფორმაციით, მოსახლეობის გადინება 2015 წლიდან დაიწყო, რაც „მოსახლეობისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან“, “დოკუმენტებთან დაკავშირებულ სირთულეებთან“ არის დაკავშირებული. მისივე მტკიცებით, ახლა ეს  „ტენდენცია შეჩერებულია“, მაგრამ „მოქალაქეობის მიღების პერსპექტივების არქონის“ გამო ბავშვები „სხვადასხვა ქვეყნებში“ მიდიან.

ის ახსენებს ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ „კანონს“ , რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. საუბარია „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ კანონში“ ცვლილებზე, რომელიც „აფხაზური ეროვნების აღდგენას“ გულისხმობს.

„იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანონქვემდებარე აქტებსა და ინსტრუქციებს. უახლოეს პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში დაგვპირდნენ, რომ ჩაეშვება. ვნახოთ, როგორ ამოქმედდება ეს პროცედურა“, - დასძინა მან.

ფილიას სიტყვებით, გალელები რეგისტრაციას არ აუქმებენ, „უბრალოდ ხალხი მიდის“. მას სოფელ თაგილონის მაგალითი მოჰყავს, სადაც, მისი სიტყვებით, 380 სახლიდან 51 დაიცალა. ფილია ამბობს, რომ ენგურის ხიდს ყოველდღიურად 2.5 ათასი ადამიანი კვეთს. რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გალის რაიონში არ ცხოვრობენ, „ისინი მხოლოდ ვიზით შემოდიან, მხოლოდ სპეციალური დოკუმენტებით“. ამავე ცნობით, გალში მცხოვრებ 5000- მდე მოქალაქეს, მხოლოდ ერთი საბუთი, ე.წ. ფორმა №9 აქვს, 1130-ს - „აფხაზური პასპორტი“ და 21 500-ს - „ბინადრობის მოწმობა“.

თებერვლის დასაწყისში, ფილიამ განაცხადა, რომ გალის მცხოვრებლები „ბინადრობის მოწმობის“ მიღებას 5 - ის ნაცვლად, 10 წლის ვადით შეძლებენ. 

სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს დროებითი დოკუმენტი, ე.წ. ფორმა #9 უნდა ჰქონდეთ ან "ბინადრობის მოწმობა" რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში მანამდე აცხადებდნენ, მოქალაქე, სულ მცირე, „10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი".

Print