ახალი ამბები
სოციალურ ქსელებში აფხაზები საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას განიხილავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას და მათ მიერ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვებას სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში განიხილავენ.

აფხაზმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა როინ აგრბამ ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველო - საბერძნეთის მატჩის შედეგებს ეხებოდა:

“თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში პირველად გავიდა”.

მის ამ პოსტს კომენტარებში ცხარე დისკუსია მოჰყვა,  სოციალური ქსელის აფხაზი მომხმარებლების ნაწილმა დაწერა:

„მათთვის ეს მართლაც ისტორიული წარმატებაა“.

„მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ჩაკვეტაძე კვარაცხელიაზე ნაკლებად როდი თამაშობს“.

ნაწილი კი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“.

„თავიდან ვიფიქრე, რა ყოჩაღები არიან, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ-მეთქი (მეზობლურად მინდოდა მომელოცა), მაგრამ ფეხბურთელებმა აფხაზეთსა და ოსეთზე რომ დაიწყეს სკანდირება, ეს სურვილი გამიქრა (ფეხბურთელებს ეს არ უხდებათ, მიტინგზე ხომ არ არიან!)“.

„და ჩვენ რა გვესაქმება ამ ყველაფერთან? მით უფრო, რომ მთელი გუნდი თამაშის მერე ყვიროდა: „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა, და სტადიონიც ისტერიკულად იმეორებდა მათ სიტყვებს. სანამ მათ ტვინებსა და პოლიტიკაში ეს ფრაზებია, მათი წარმატება არ მაინტერესებს, არც სპორტში და არც სხვა სფეროებში“.

„ვნახე ვიდეო (მთელი „ტიკ-ტოკი“ წალეკეს), სადაც გულშემატკივრები და ფეხბურთელები თავიანთ საყვარელ ლოზუნგებს გაჰყვირიან. ვუსურვებ, რაც შეიძლება მალე გამოვარდნენ. სპორტი და ხელოვნება პოლიტიკას არ უნდა ეხებოდეს“.
„ქართველი ფეხბურთელების დღევანდელმა თაობამ ისტორია დაწერა. პირადად მე იგივე ემოციები მაქვს, რაც 1981 წლის 13 მაისს. მას შემდეგ, რაც ოჩამჩირელმა ბიჭმა ვიტალი დარასელიამ დაუვიწყარი გამარჯვების გოლი გაიტანა“.
„საქართველომ ლუქსემბურგსაც აჯობა. მაგარია. ისეთ დონეზე თამაშობენ“ .

„მოკლედ გიპასუხებ. ვინც ფეხბურთში ერკვევა, მიხვდება რასაც ვგულისხმობ. ამ შოვინისტური ვიდეოს ნახვის შემდეგ ჯგუფში საფრანგეთს, ჰოლანდიას და ინგლისს გისურვებთ“.


ტელეგრამ - არხი „რესპუბლიკა“ წერს, რომ: „ხელისუფლებებს, რომლებიც სპორტული ღონისძიებების წესებსა და ჩარჩოებს განსაზღვრავენ, რეაქცია უნდა ჰქონდეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არაადეკვატურ საქციელზე“.

სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერია, თუ როგორ დააჯარიმა 2022 წელს ფიფამ სერბეთის საფეხბურთო კავშირი - გასახდელში ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა დროშა, რომელზეც სერბეთი კოსოვოს შემადგენლობაში იყო გამოსახული.

სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ პოსტს:

„მალე ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გაერთიანებას“.

„მადლობა როინ თქვენი სიტყვებისთვის, სპორტი, რა თქმა უნდა, ყოველთვის პოლიტიკაა, ისევე როგორც კულტურაა პოლიტიკა. პოსტის ქვეშ დისკუსიებიც პოლიტიკაა, მაგრამ კარგია, რომ სიხარულმა სოხუმამდეც მოაღწია“.

„დაე, ეს გამარჯვება ლეგენდარული აფხაზი ფეხბურთელის, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლის ავტორის, ვიტალი დარასელიას ხსოვნას მიეძღვნას“.


აფხაზი ოპოზიციონერი და გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ნადარაია:

ჩვენ, აფხაზეთის ნაკრები, შეიძლება კიდევ 100 წელი ვერ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ თქვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას მაინც არ ვაპირებთ. ვცხოვრობდით უკვე საქართველოს სსრ-ის ფარგლებში, „აფხაზპერესელენცსტროის“ გამოისობით. აფხაზურ ენაზე ლაპარაკის უფლება არ გვქონდა, იყო ომი და გენოციდი. კარგი არაფერი გვინახავს. ახლა, არაღიარების პოლიტიკის, ეკონომიკური და სხვა სანქციების გამო, მათ შორის სპორტში, ევროპის ღონისძიებებში ვერ ვმონაწილეობთ. არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით, გამოსავალს ვიპოვით. მთავარია, ჩვენთან ფეხბურთი უყვართ. აფხაზეთის ჩემპიონატი არსებობს. არაღიარებულ ქვეყნებს შორის მსოფლიო ჩემპიონატიც არსებობს. ჯერ ასეა, მაგრამ ჩვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ყველაზე მეტად ვაფასებთ. ეს დაიმახსოვრეთ“.


ჟურნალისტი როინ აგრბა:

„ყოველთვის ასე ხდება. როცა 2016 წელს ჩვენმა ნაკრებმა ConIFA (საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ფიფას მიერ უარყოფილ საფეხბურთო ასოციაციებს - რ.თ.) მოიგო და ქვეყანას უხაროდა, სამწუხაროდ, ქართველი ფეისბუკმომხმარებლების უმეტესობა ირონიულ კომენტარებს წერდა. დაგვცინოდნენ. პენჯაბთან ფსონებიც კი გააუქმეს, ოფისები დახურეს და ასე შემდეგ. თუმცა, კეთილის მსურველებიც იყვნენ, ისინი, ვინც გულწრფელად გულშემატკივრობდნენ ჩვენს ნაკრებს. და არანაირი პოლიტიკური ლოზუნგები და შეურაცხმყოფელი შეძახილები არ იყო. ამისთვის მოწიწებით თავს ვუხრი ჩვენს მოთამაშეებს და გულშემატკივრებს. სიმართლე გითხრათ, მინდა, მოვისმინო აფხაზი გულშემატკივრების გულწრფელი მილოცვა საქართველოს ნაკრების მიმართ. მოვისმინე კიდეც, სანამ ისეთი პოლიტიკური ლოზუნგები და შეძახილები არ გამოჩნდა, რომლებიც ჩვენი ფეისბუკმომხმარებლების უმეტესობას აღიზიანებს. ფეისბუკის მომხმარებლებო საქართველოდან, როდის ისწავლით, რომ უბრალოდ გაიხაროთ საკუთარი თავით და მეზობლების წარმატებითაც? მხოლოდ სპორტისა და პოზიტიური ემოციისთვის? აუცილებლად ყველაფერი რაღაც პირობითობაში უნდა მოაქციოთ? რაც წინასწარ იცით, რომ ოპონენტებს გააღიზიანებს? მიუხედავად ამისა, ვულოცავ ნამდვილ გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას. ნაკრებმა ეს დაიმსახურა. ასევე ვუსურვებ, მიმოიხედონ და მიიღონ როგორც მოცემულობა, რომ სჯობს კეთილი მეზობლები ვიყოთ, კარგი ნათესავები, ვიდრე კონფრონტაცია შევქმნათ იქ, სადაც ის შეიძლება არ ყოფილიყო“.

დინამო არენაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2024-ის“ პლეი ოფის ფინალში, საბერძნეთი ანგარიშით - 4:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.


Print