ახალი ამბები
საკრებულოში ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება გადაიდო
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.

შედეგად, წარდგინების პროცესი გადაიდო.

"გუშინწინ ფრაქციის სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უმრავლესობამ, წესდების მიხედვით 2/3-მა და ფრაქცია "ენმ" შეიცვალა სახელით "ახალი". ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას მათთან, ვინც დარჩნენ "ენმ"-ში, რომ ინტერფრაქციულად მიგვეღო საერთო სახელი, მაგრამ მათ ამაზე თანხმობა არ განაცხადეს და ჩვენ, 14-მა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია "ახალში" გაწევრიანების შესახებ. სამართლებრივად, ზუგდიდის საკრებულოში უკვე გუშინ შეუდგა ამ სახელწოდებით საქმიანობას და უკვე ფუნქციონირებს ფრაქცია "ახალი". დღეს, უბრალოდ, საკრებულო ცნობად იღებდა ამ ინფორმაციას", - თქვა ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.

საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ გამოცხადდნენ.

გარდა ამისა, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "ენმ"-ში დარჩენილი საკრებულოს წევრები.

"ენმ"-დან წასვლის შესახებ განცხადება მაია კალანდიამ 5 დეკემბერს გააკეთა. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე მოვლენები და აზრთა სხვადასხვაობა შეუძლებელს ხდიდა თანამშრომლობის პერსპექტივას. 13 მარტს მან განაცხადა, რომ თანამოაზრეებთან ერთად მელიასა და გვარამიას პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდებოდა.


ამავე თემაზე: 

დღეს საკრებულოში ფრაქცია "ახალი" შეიქმნება
Print