ახალი ამბები
„არა რუსულ კანონს!” - ზუგდიდში 15 აპრილს აქცია გაიმართება
ორშაბათს, 15 აპრილს, ზუგდიდის სკეიტ პარკში "არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით აქცია გაიმართება.

მოქალაქეები კანონპროექტის გასაპროტესტებლად სკეიტ პარკის ტერიტორიაზე 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

,,ხელისუფლება ცდილობს შარშან უკომპრომისო ბრძოლით მოპოვებული გამარჯვების წართმევას. ის თავიდან ცდილობს გაიტანოს რუსული კანონი და საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი.15 აპრილს ორშაბათს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით ზუგდიდის სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე. ერთად ვაჩვენოთ ქართულ ოცნებას, რომ არ მივცემთ ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის უფლებას’’, - აღნიშნულია სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.

ამავე თემაზე:

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

არა რუსულ კანონს - აქცია ზუგდიდში

"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქციის მეორე დღე ზუგდიდში (ფოტო)

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება
Print