ახალი ამბები
ზუგდიდში "აგენტების" კანონის პირველი მოსმენით მიღება კვლავ გააპროტესტეს (ფოტო)
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
მათ ადგილობრივ ხელისუფლებას შეძახილებითა და სიტყვით გამოსვლებით უთხრეს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებული კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

მოგვიანებით, მათ საქართველოს, ევროკავშირის დროშებითა და საპროტესტო შეძახილებით მერიიდან მსვლელობა მოაწყეს და ქალაქის ცენტრალური გამზირი შემოიარეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცავები.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 17 აპრილს მიიღო.

მის განხილვას საკანონმდებლო ორგანოში წინ უძღოდა "ქართული ოცნების" წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ხმაური და დაპირისპირება.
კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.

აგენტების კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.

თოლორაიამ და ბერაიამ კანონს ხმა გასულ წელსაც მისცეს, ისევე, როგორც შემდეგ მის გაწვევას. პირველი მოსმენით კანონს, შარშანდლის მსგავსად, მხარი დაუჭირა მესტიის ყოფილმა მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემაც.

Print