ახალი ამბები
ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი, რომლის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ გახსნილა - ფლანგვის დეტექტორი (ფოტო)
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა" გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაცია წერს, მშენებელმა კომპანიამ "შპს დაგიმ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აშენებული სტადიონი რამდენიმე თვის დაგვიანებით ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ხარვეზიანია და გამოსაცხადებელია ახალი ტენდერი.

"ახალი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადამ ბევრჯერ გადაიწია და ბოლო ცვლილებით, მშენებლობა 2024 წლის 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ფოთის სტადიონზეც, რომლის რეაბილიტაცია, მათი თქმით, 2013 წელს დაიწყო, თუმცა UEFA-მ ინფრასტრუქტურა დაიწუნა და 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშები ფოთში აღარ ჩატარდა.

"რეაბილიტაციაში სხვადასხვა დროს ჩართულმა ორმა კომპანიამ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ გადახდილი თანხები, ჯამში 1.2 მილიონი ლარი მიითვისეს. ზუგდიდის და ფოთის ხარვეზიან სტადიონებში ჯამში ₾23 მილიონზე მეტი დაიხარჯა, თავდაპირველად დაგეგმილზე რამდენიმე მილიონით მეტი", - განმარტებულია ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე.

დაუსრულებელ მშენებლობასთან დაკავშირებით რადიო "ათინათი" შესაბამისი უწყებისგან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მოლოდინშია და მკითხველს დეტალებს მისი მიღებისთანავე გავაცნობთ.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის გაჭიანურებისა და უსაფრთხოების ზომების დაუცველობის საკითხები უნდა გამოიძიონ - TI

საძოვრად გადაქცეული ზუგდიდის სტადიონი (ფოტო)

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შედის (ფოტო)

ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის სარტყელი შემოავლეს

Print