ახალი ამბები
„არა რუსულ კანონს“- 25 აპრილს იუსტიციის სახლიდან მსვლელობა გაიმართება
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერებმა განათავსეს.

„შემოგვიერთდით, გავერთიანდეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რათა უზრუნველვყოთ კეთილდღეობისა და თავისუფლების გზა ჩვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

17 აპრილს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა, მათ შორის, სამეგრელოდან, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების კანონს. მომდევნო მოსმენები კი უახლოეს კვირებში უნდა გაიმართოს.

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" რამდენჯერმე გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.


ამავე თემაზე:

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ხელისუფლებას "აგენტების" კანონის გამოწვევისკენ მოუწოდებს

ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)

"არა რუსულ კანონს" - დღეს ზუგდიდის მერიის წინ აქცია გაიმართება
Print