სტატია
COVID-19 - როგორ მუშაობს ადგილობრივი მედია სამეგრელოში (ფოტო)

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სამეგრელოში ადგილობრივი მედია მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადავიდა.


16 მარტიდან რადიო ,,ათინათის’’ თანამშრომლების ნაწილი მუშაობს ონლაინ, სახლიდან.

 

"პრობლემის გაჩენისთანავე ჩვენ თადარიგი დავიჭირეთ: შევიმუშავეთ რეგულაციები და მივიღეთ თანამშრომლებისთვის აუცილებელი წესები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და არ შეუქმნას საფრთხე სხვებს'', - აღნიშნა რადიო ,,ათინათის'' დირექტორმა გია ხასიამ.

დროებით შეიცვალა საეთერო ბადეც. ვიდეო და აუდიო გადაცემები, რომლებიც სტუმრის მონაწილეობას ითვალისწინებს, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ეთერში გადის დილის გადაცემა, სხვადასხვა რუბრიკები, აუდიო გადაცემები სატელეფონო ჩართვებით, ყოველ საათში ერთხელ - საინფორმაციო გამოშვებები, მათ შორის ერთი რუსულ ენაზე.

რადიო „ათინათის“ ვებგვერდზე გაჩნდა ახალი რუბრიკა ,,კორონავირუსი“.  აქ თავმოყრილია COVID-19 -ის თემაზე არსებული ყველა სიახლე და ვიზუალური მასალა.

დღესდღეობით, რადიო ,,ათინათის’’ ოფისში რჩებიან მორიგე ჟურნალისტები და ტექნიკური ოპერატორი. ნიუსრუმსა და სტუდიაში დაცულია სანიტარული უსაფრთხოების წესები. თანამშრომლები ატარებენ ნიღბებს და ხელთათმანებს, ასევე იცავენ 1-მეტრიან დისტანციას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რადიო ,,ათინათში’’ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექცია ჩაუტარდა ტექნიკას და სტუდიებს.

ონლაინ - გამოცემა Livepress.ge ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორშაბათიდან სრულად გადავა სახლიდან მუშაობაზე.

"გადავდივართ დისტანციურ რეჟიმზე, ჟურნალისტები სახლიდან იმუშავებენ. არ გვექნება ვიდეორეპორტაჟები, ვიმუშავებთ ინფოგრაფიკაზე, რომ მასალები გავამრავალფეროვნოთ ამ მიმართულებით, გადაცემა გვექნება რესპოდენტებთან დისტანციური კავშირით’’, - გვითხარა „ლაივპრესის“ დირექტორმა გერონტი ყალიჩავამ.

გამოცემა დისტანციურად იმუშავებს, მანამ, სანამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ დასტაბილურდება.

ტელე-რადიო კომპანია ოდიშმა“ ასევე შეაჩერა დაგეგმილი გასვლითი გადაღებები. მათი თქმით, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადიან გარეთ. ჟურნალისტების მიერ მომზადებული ახალი ამბების ძირითადი ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს ეთმობა.

,,ჩვეულებრივად ვმუშაობთ, უბრალოდ გადაღებებს არ ვგეგმავთ, მთლიანად კორონავირუსზე ვართ გადართული, სტუდიური გადაცემებიც არ შეგვიჩერებია და არც რადიო გაჩერებულა. ვფიქრობთ, რომ ახლა ინფორმაციის გავრცელება და სწორად მიწოდება საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია’’, - ამბობს ტელეკომპანია "ოდიშის" საინფორმაციო სამსახურის" ხელმძღვანელი ნანა ქობალია.

უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე დღეა გაზეთ ზუგდიდელების თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ.

,,ვცდილობთ ჩვენს მკითხველს აუცილებელი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით და არ გავანერვიულოთ, ვებგვერდს დაემატა მოდული stopcov.ge, დავამატეთ ასევე ინტერვიუები საზღვარგარეთ დარჩენილ ზუგდიდელებთან’’, - აღნიშნა საინფორმაციო პორტალ "ზუგიდელების" რედაქტორმა ნანი მოსიძემ.

ახალი ამბების სააგენტო ,,STV.GE სამეგრელო’’ სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

,,ვმუშაობთ ისე, როგორც ვმუშაობდით. ანუ არც არაფერი შეცვლილა. ვართ ადგილზე, სადაც კი რამე ხდება. ჩვენი რესურსით, წყაროებით და შესაძლებლობებით. გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ დროული და ჩვენს მკითხველებს, მაყურებლებს მივაწოდოთ ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია, მიმდინარე მოვლენების შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის #დარჩითსახლში’’, - ამბობს STV.GE რედაქტორი მალხაზ ბასილაია.


საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა ერთი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 259.

Print