სტატია
ზუგდიდში გზის შეკეთებისას საუკუნოვანი ქვაფენილი გამოჩნდა (ფოტო)
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაციის პროცესში ძველი, რიყის ქვაფენილით მოკირწყლული გზა გამოჩნდა. გამოკვეთილი ფრაგმენტები საკმაოდ კარგად არის შემონახული, რაც იმის ადასტურებს, რომ თავის დროზე სამუშაოები მაღალ დონეზე შესრულდა.

ზუგდიდელი ისტორიკოსი ლაშა ჯიქია გვიყვება, რომ ქალაქის ცენტრალური ქუჩების რიყის ქვით მოკირწყვლა ჯერ კიდევ 1877 წელს დაიწყო, როდესაც ზუგდიდის მაზრის უფროსად იოსებ მიქაბერიძე დაინიშნა. მისივე თქმით, ასევე საინტერესოა ამ გზის დაგების ცოცხალი ისტორიები - მოქალაქეები თურმე მოხალისეობრივად ერთვებოდნენ ამ პროცესში.

ძველი ზუგდიდი, ბულვარი

„ეს ქვაფენილები და ზოგადად ზუგდიდის ძველი საგზაო ინფრასტრუქტურა უტყუარი ნიშანია ქალაქთმშენებლობის მაღალი დონის. მით უმეტეს ზუგდიდში ბევრ ადგილას არის დაფიქსირებული მიწისქვეშა კომუნიკაციის ნაშთები - წყლის საწრეტი კოლექტორები, კერამიკის მილებისგან შემდგარი წყალმომარაგების საკმაოდ მეტყველი ფრაგმენტები. ეს ყველაფერი ქალაქთმშენებლობის ისტორიისთვის ფასდაუდებელი მატერიალური მასალაა“, - თვლის ისტორიკოსი.

ძველი ზუგდიდი, ავტოსადგომი

ძველი ზუგდიდის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ საგაზეთო ცნობებიც მოიპოვება:

,,ახლა აქ ...ალეიაში (ბულვარში) მოდის წმინდა და დიდი წყალი, რომელსაც აქეთ-იქეთ ნაპირები აქვს ამოყვანილი ღობით ანუ ქვებით. წყალზედ არავის ნება არა აქვს ცხენი მოიყვანოს და წყალი ასვას. გაღმა-გამოღმით წყალს ნაპირზედ აქვს კიბეები, საიდანაც კაცს შეუძლია წყლის ამოღება. მშვენივრად გაწმინდეს ხეები ბულვარში. აქ ახლა ვეღარ იპოვის კაცი ღორებსა და ძაღლებს, რომლებიც წინეთ ძლიერ სვრიდნენ ბულვარს და უსიამოვნებას აძლევდნენ კაცსა. დუქანზედ წინ აღარ იპოება ჩამოკიდებული ფარდები, არც აწყვია შეშები და არც ყავრები. მშვენივრად გასწმინდეს, მოკირწყლეს და გააკეთეს ქუჩები, სადაც მანამდის სიარული არ შეეძლო კაცს“, - ვკითხულობთ 1877 წელს გამოცემულ გაზეთი ,,დროებაში".

1893 წელს გაზეთი ივერია (#142) იუწყებოდა, რომ ,,ზუგდიდი დღე-დღეზე  წარმატებაში შედის. ნაცვლად ხის შენობებისა ააგეს ქვის შენობები და ლამაზად გადაჭიმეს ქვის დუქნები, სახლები, ქარვალსები, გზები“. 

1894 წელს, ასევე გაზეთ ,,ივერიის“ (#13) ფურცლებზე ცნობილი მეურნე გიორგი ჩიჩუა წერდა: ,,თვით დაბა ზუგდიდი, მას შემდეგ, რაც მამული შეისყიდეს თავად ნიკოლოზისგან აქაურმა ვაჭრებმა, საკმაოდ გაშენებულა და მრავალი ქვითკირის მაღაზიები აუგიათ, ორსართულიანი ქვითკირის სახლები  აუშენებიათ და რამდენიმე ქუჩა გაუყვანიათ.“ 

ძველი ზუგდიდის ქუჩა

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ზუგდიდის ქუჩების რიყის ქვაფენილით კეთილმოწყობა გაგრძელებულა. ამისთვის თურმე რამდენიმე ურემი სისტემატურად ეზიდებოდა ქვებს მდინარეებიდან.

მასალაში გამოყენებულია ჩვენამდე შემონახული ამ პერიოდის ძველი ზუგდიდის ქვაფენილიანი გზების ფოტოები. 


Print