სტატია
დეპუტატები სამეგრელოდან, რომლებმაც "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონს მხარი დაუჭირეს
საქართველოს პარლამენტმა, გუშინ დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". საზოგადოებამ ახალი კანონი მალევე შეაფასა, როგორც რუსული კანონის ანალოგი, რომელმაც პუტინის რუსეთში მთლიანად გააქრო კრიტიკული აზრი. მოლოდინი აქაც იგივეა, თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სასწორზე საქართველოს ევროპული მომავალი დევს.

საკითხის სასესიო კენჭისყრას წინ უძღოდა საზოგადოების და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების კრიტიკული პოზიცია "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონის შესახებ, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" კანონი პირველივე მოსმენით მიიღო. მის ინიციატორებსა და მხარდამჭერებს შორის სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარები და წარმოშობით ადგილობრივი დეპუტატებიც არიან.

ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელიც "ხალხის ძალასთან" ერთად ახალი პრორუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია, ფიქრობს, რომ რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების დარბევა პროპორციული ძალებით მოხდა.

"ადამიანებმა, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, დაამტვრიეს პარლამენტის შენობის შუშები, ქვები ესროლეს პოლიციელებს, დაწვეს პოლიციის მანქანა, დააზიანეს ტექნიკა, - ამასთან დაკავშირებით ჩემ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თუ არა? გამოიყენეს ე.წ მოლოტოვის კოქტეილი. პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის ორგანიზატორებმა უნდა იგრძნონ", - უთხრა მან რადიო "ათინათს".

კიდევ ერთი მაჟორიტარი სამეგრელოდან, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელ კანონს მხარი დაუჭირა, ირაკლი ჩიქოვანია. ისიც მიიჩნევს, რომ გუშინდელ დემონსტრაციაზე პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა.

"ჩვენ რაც დავინახეთ რუსთაველზე, იყო ადამიანების პროტესტი, ვისაც არ უნდა ამ ქვეყანაში რუსული კანონის მიღება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ისიც, რომ ამ საკითხით მანიპულირება ხდებოდა ოპოზიციის და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან, შინაარსში შესვლის გარეშე. პოლიციამ უმაღლესი ადამიანის უფლებების სტანდარტი და ძალიან დიდი მოთმინება დაანახა ყველას. მაშინ როცა კონკრეტული პოლიციელები დაშავდნენ და ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცველებს".

რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს ედიშერ თოლორაიამ, გრეტა წიწავამ და ირაკლი ბერაიამაც. სამივე მათგანი პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დემონსტრაციის ფონზე მიმდინარეობდა, რუსთაველის გამზირზე ხალხის რაოდენობა კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბია. ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. ამასთან, პოლიციამ 66 დემონსტრანტი დააკავა და მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დაიწყო საქმის წარმოება.


მასალაში გამოყენებულია რადიო თავისუფლების ფოტომასალა.
Print