სტატია
წალენჯიხაში ენმ-ს წევრების ნაწილი მერის მოადგილის გადადგომას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წალენჯიხის ორგანიზაციაში დაპირისპირებაა. პარტიის რამდენიმე წევრი მერის მოადგილის ივანე ბურდულის გადადგომას მოითხოვს, ამის მიზეზად კი პოლიტიკურ ზეწოლას ასახელებს.

მერიის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია სოფელ ლიას რწმუნებული თამთა ფიფია, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პარტიული მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უნდა შეწყდეს.

“მიმდინარე წლის 1 ივნისს, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით , აღარ გამიგრძელეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ჩემს ასისტენტს კი, 1 ივნისის საღამოს 8 საათზე აცნობეს რომ კონტრაქტს არ უგრძელებდნენ , ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზების გარეშე აი ესე , უბრალოდ, უმიზეზოდ, ვიღაცის "ხუშტურის" გამო თურმე შეიძლება ადამიანი უსამსახუროდ დატოვო
თან გაფრთხილებაც კი დაგავიწყდეს მეორე დღის საღამოს 8 საათამდე,"- წერს სოციალურ ქსელში თამთა ფიფია.

პოსტიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აქვს ქალაქ ჯვარის გამგებელს ირაკლი ხარჩილავას, რომელიც "ენმ-ს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში ბაჩანა ქანთარიას უჭერდა მხარს. თავის მხრივ, ბაჩანა ქანთარია გიორგი მუმლაძის მხარდამჭერია და მისი კონკურენტი არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი მამუკა ქარდავა იყო.

"ეს ადამიანი შიდაპარტიულ არჩევნებში საკუთარი ნეიტრალური პოზიციის გამო არის განთავისუფლებული და ის, კონკრეტულად ამ სამსახურიდან გაანთავისუფლა ივანე ბურდულმა და ზაზა გოროზიამ," – უთხრა რადიო "ათინათს" საკრებულოს წევრმა ბაჩანა ქანთარიამ.


თავის მხრივ, არაადეკვატურს და უარგუმენტოს უწოდებს ბრალდებებს მერის მოადგილე ივანე ბურდული და ამბობს, რომ მისთვის ბრალდებების შინაარსი გაუგებარია.

"არანაირ ზეწოლაზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარი არ არის. მოსახლეობამ თვითონ გამოიჩინა სურვილი, ხედავდით რამდენი ხალხი იყო, ზეწოლის არავის არაფერი არ ეტყობოდა. რომელიმე საჯარო მოხელემ დაადასტურა, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა? თამთა ფიფია სოფელ ლიის რწმუნებული არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ მიიღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას. არანაირი გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს, თამთა ფიფიას გაუვიდა ხელშეკრულების ვადა და აღარ გაუგრძელდა,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ივანე ბურდულმა.

დაპირისპირებული მხარე კი განმარტავს, რომ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
Print