მესიაკონი მეგრული სიტყვაა და ჭკვიანს, გონებამახვილს ნიშნავს. ასე დაერქმევა განმუხურში გემ ბიბლიოთეკას, რომელიც გამორჩეულად გონიერი და ტრაგიკულად დაღუპული ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება.
მესიაკონის იდეა, თითქმის, ორი წლის წინ გაჩნდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო პროცესი დროებით შეფერხდა. ახლა კი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ინიციატივით და ნიკო კვარაცხელიას ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განმუხურში არსებული მიტოვებული გემი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
კარგ ამინდში განმუხურიდან სოხუმის სანაპიროს დანახვაც შეიძლება. გემის, წიგნების და განათლების სიმბოლურობასა და მნიშვნელობაზე რადიო
"ათინათთან" ნიკო კვარაცხელიას დედა საუბრობს. იზა ომაძე ფიქრობს, რომ წიგნიერება, შესაძლოა, გასაღები აღმოჩნდეს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ენგურს გამოღმა საქართველოს შორის არსებობს. ნიკო კვარაცხელიას ფონდი გემ ბიბლიოთეკის მოსაწყობად სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დააფინანსებს. იზა ომაძე გვიყვება, რომ ამბის გახმაურების შემდეგ არაერთი ადამიანი და სკოლა დაუკავშირდა, მესიაკონისთვის წიგნების გადაცემის სურვილით.
"როცა პირველად გაცხადდა, ჯერ კიდევ 2021 წელს, ძალიან სენსიტიური იყო ნიკოს სახელის დაკავშირება ამ გემთან. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ძალიან მიხარია, რომ ისევ დაუბრუნდნენ ამ პროექტის იდეას. მე ვფიქრობ, რომ წიგნიერება და განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ნახეთქების აღსადგენად, რომელიც აფხაზეთთან გვაკავშირებს. ბუნებრივია ადგილობრივი ახალგაზრდობისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. როდესაც შემოგვთავაზეს ამ პროექტში ჩართვა, ჩვენ სიხარულით დავთანხმდით. იმიტომ, რომ ნიკოსთვის განათლებასა და წიგნიერებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესი იყო. ჩვენი ფონდი გემის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას, უკვე არაერთი ადამიანი და სკოლა დაგვიკავშირდა და შეგვპირდნენ, რომ წიგნებით უზრუნველყოფენ გემ ბიბლიოთეკას,"- გვიყვება იზა ომაძე.
განმუხურში გემ ბიბლიოთეკის მოწყობის იდეა 2021 წელს ზუგდიდის ბიბლიოთეკების გაერთიანების უფროსს ბესიკ არახამიას გაუჩნდა. რამდენიმე კვირის წინ კი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესიაკონი აშენდებოდა. მისი თქმით, ამ პროექტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ გემ ბიბლიოთეკა ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება და მესიაკონი, როგორც საოკუპაციო ზოლთან ერთ-ერთი უახლოესი და ერთადერთი გემ ბიბლიოთეკა საქართველოში, არაერთი გზავნილის მატარებელი იქნება.
"იდეა გაჩნდა, დაახლოებით, ორი წლის წინ, თუმცა პერსონალური პრობლემების გამო ამ საკითხზე მუშაობა შევწყვიტეთ, როდესაც უკვე დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას, მოვიკითხე ამ პროექტის ბედი. შევეხმიანე ზუგდიდის მერიას და ბიბლიოთეკების გაერთიანებათა ხელმძღვანელს ბესო არახამიას. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ამ ბიბლიოთეკას დარქმეოდა უდროოდ წასული შესანიშნავი ახალგაზრდის ნიკო კვარაცხელიას სახელი და შეგვექმნა მისი სახელობის გემი ბიბლიოთეკა "მესიაკონი". დავუკავშირდით ნიკოს ოჯახსაც და "ნიკო კვარაცხელიას ფონდმა" გამოთქვა სურვილი, რომ განმუხურში საბიბლიოთეკო სივრცის სამუშაოებს ის ჩასდგომოდა სათავეში. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ იდეაზე მუშაობა, საკუთრივ ნიკო სახელის უკვდავყოფა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია განმუხური, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ძალიან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად მრავალგვარ გზავნილს გაითვალისწინებს ეს გემი ბიბლიოთეკა. საკუთრივ ფორმაც არის ძალიან ორიგინალური, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი დაინტერესებული ადამიანი ესტუმრება ამ სივრცეს,"- უთხრა
რადიო "ათინათს" გიორგი კეკელიძემ.
მესიაკონს ქართველი ხელოვანი გუგა კოტეტიშვილი აპროექტებს. არტისტმა რამდენიმე დღის წინ პირადად დაათვალიერა ლოკაცია. საბოლოო პროექტი ჯერ შემუშავებული არ არის, თუმცა კოტეტიშვილი გვიყვება, რომ გემ ბიბლიოთეკას ორი ტერასა ექნება, ერთ-ერთი აფრებით დაიხურება. ხელოვანი ფიქრობს, რომ განმუხურში მესიაკონის პროექტი, ადგილობრივებისთვის ახალ მუხტს შექმნის.
გემი სანაპიროდან რამდენიმე ათეულ მეტრშია, ხშირია როცა ზღვა სანაპიროს ძალიან უახლოვდება, შესაბამისად, პროექტი ძალიან სპეციფიურია და ბევრი დეტალის გათვალისწინება იქნება საჭირო, სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია სრული ტერიტორიის კარგად შესწავლა.
"გემი გამოყენებული იქნება, როგორც მცირე ბიბლიოთეკა. მოეწყობა კულტურული სივრცეები, შეხვედრებისთვის, კინო ჩვენებებისთვის. გაკეთდება ღია და დახურული ტერასები. თავისთავად სიმბოლურად ეს გემი ბევრის მთქმელი იქნება. გაცოცხლდება ის ადგილიც, სამწუხაროდ, თითქოს ჩამკვდარია. მე რამდენიმე დღის წინ დავათვალიერე ლოკაცია. ჩემი იდეა არის, რომ მინიმალური ხარჯებით შეიქმნას მაქსიმალურად საინტერესო ადგილი. არ არის მარტივი ზღვის პირას ამ პროექტის განხორციელება, რადგან ზღვა ხშირად უახლოვდება. ადგილის სერიოზული შესწავლა აუცილებელია, რადგან ზღვამ არ დააზიანოს მომავალში,"- განმარტავს გუგა კოტეტიშვილი.
მესიაკონი მცირე ბიბლიოთეკასთან ერთად სოციალური სივრცე იქნება. ადგილზე მოეწყობა კინოჩვენებები, დისკუსიები და ჩატარდება სხვადასხვა სახის აქტივობა. იდეაზე მომუშავეები ფიქრობენ, რომ მესიაკონი მხოლოდ საზაფხულო სივრცე არ უნდა იყოს და აქ სტუმრობა ნებისმიერ სეზონზე უნდა იყოს შესაძლებელი.
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც განმუხურში გემ ბიბლიოთეკის პროექტზე მუშაობა დაიწყო, ზუგდიდელი მხატვარი როსტომ ზარანდიაა. მან თითქმის ორი წლის წინ, ბესიკ არახამიას თხოვნით, გემი საკუთარი ხელით დაასუფთავა და მისი ნაწილი მოხატა. არტისტი გვიყვება, რომ პროექტის გაცოცხლებამ ძალიან გაახარა. როსტო გუგა კოტეტიშვილთან ერთად იქნება ჩართული მესიაკონის პროექტში.
"თითქმის ორი წლის წინ ბესიკ არახამია დამიკავშირდა და მთხოვა გემის მოხატვა, მითხრა, რომ გემ ბიბლიოთეკის იდეა ჰქონდათ. როცა ჩავერთე ამ საქმეში, აღმოჩნდა, რომ გემი ჯერ მოსამზადებელი იყო და ბიბლიოთეკა ვერ გაკეთდებოდა. თითქმის ორი წლით შეჩერებული პროექტი გაცოცხლდა და ძალიან მიხარია. სანახაობრივად ძალიან დატვირთული სივრცე იქნება, ექნება ბიბლიოთეკის ფუნქციაც და იქნებ ჭეშმარიტად სოციალური სივრცე, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება და კინოჩვენებები. ეს კონკრეტული ატრაქცია ძალიან დაეხმარება განხუმუხურის სანაპიროს და ზოგადად რეგიონის ახალგაზრდობას,"- უთხრა რადიო
"ათინათს" როსტომ.
მესიაკონის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვის მომზადება და სხვა წინარე სამუშაოები. სავარაუდოდ გემ ბიბლიოთეკა 2024 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები