სტატია
ჩხოროწყუში ხიდის დანგრევის შედეგად მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება შრომის დაცვის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო
ჩხოროწყუში, გარახას უბანში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად მამაკაცის დაღუპვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის წესის დარღვევას გულისხმობს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

45 წლამდე დაღუპული მამაკაცი შპს "ნიუ პასაჟის" თანამშრომელი იყო. ის ჩხოროწყუს ერთ-ერთ უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციაზე მუშაობდა და სატვირთო ავტომობილით ხიდის გავლით სამშენებლო მასალა გადაჰქონდა. სწორედ ამ დროს ჩაინგრა რკინის ხიდი და ავტომობილინ მძღოლთან ერთად ჩაიყოლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ხიდზე 10 ტონაზე მეტი მოცულობის ავტომობილისა და ტვირთის გადატანა მიზანშეწონილი არ არის, თუმცა მდინარე ოჩხომურაში გადავარდნილი სატვირთო ტვირთთან ერთად, სავარაუდოდ, სამჯერ მეტს იწონიდა. ამასთან, თვითმხილველები განმარტავენ, რომ ხიდი სტიქიების დროს ხშირად ზიანდება და მას რეაბილიტაცია არაერთხელ ჩაუტარდა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სატვირთოები ამ ხიდზე გადადიან, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ალბათ, დატვირთვას ვეღარ გაუძლო. არის შემოვლით გზაც, მაგრამ ძალიან შორია, თან მდინარეზე უნდა გაიარო. მსუბუქი ავტომობილები დადიან ჩვეულებრივ, მაგრამ ხშირად წყალი აზიანებს", - თქვენს ადგილზე მყოფმა ჩხოროწყუელებმა.

შპს "ნიუ პასაჟის" ხელმძღვანელი შოთა კვარაცხელია მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. კვარაცხელია გამორიცხავს, რომ კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილის მოცულობა ტვირთთან ერთად 10 ტონას აღემატებოდა.

"მე არ ვიცი ახლა, 10 ტონა იყო თუ 11, მაგრამ არ იყო დასაშვებზე მეტი. არანაირი შემოვლითი გზა არ არსებობს, მხოლოდ ამ ხიდით გადადიოდნენ ჩვენი მანქანები", - თქვა კვარაცხელიამ, რომლის კომპანიას გზების რეაბილიტაციაზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

საპირისპიროს ამტკიცებს ჩხოროწყუს მერია. ჟურნალისტებს მერიის ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განუმარტა, რომ მდინარის გავლით შემოვლითი გზა ნამდვილად არსებობს. აქვე დასძენს, რომ 60-იან წლებში აშენებულ ხიდს რეაბილიტაცია არაერთხელ ჩაუტარდა, თუმცა სტიქიის დროს მოვარდნილი მდინარე ბრუჯებს აზიანებს და ისინი არასწორადაა განლაგებული. მერიაში აცხადებენ, რომ ხიდი ექსპლუატაციაში ვეღარ შევა და ახალი უნდა აშენდეს.

"აქ არის ნიშანი, რომ 10 ტონაზე მეტი მოცულობის მანქანის გადაადგილება არ შეიძლება, ამ შემთხვვეაში კი სადღაც 30 ტონამდე იყო საერთო მასა. იმ ადგილამდე, სადაც სარებილიტაციო სამუშაოებია, არის შემოვლითი გზაც, თუმცა მდინარის გავლით. ჩვენ კომპანიას შევთავაზეთ ალტერნატივა, მაგრამ მძღოლებმა თქვეს, მანქანა გვიფუჭდებაო და უარი მივიღეთ", - ამბობს თეიმურაზ მალანია.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა 45 წლამდე მამაკაცის დაღუპვის საქმეში.

ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთ - ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა. დანგრეულმა ხიდმა მოიყოლა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი მალევე ამოიყვანეს.






















Print