სტატია
სიახლეები განათლების სფეროში - ადა გოგილავას უცხოური გამოცდილება
ადა გოგილავა ჰუმანურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი, ამერიკისმცოდნეობის მაგისტრი და დასავლეთ ევროპული და ამერიკული ლიტერატურის დოქტორია. მანამ, სანამ ამ ხარისხებს მიაღწევდა, არაერთ ქვეყანაში განსხვავებული გამოცდილებები და მრავალფეროვანი ცოდნა დააგროვა.

პირველად საქართველოდან 2011 წელს გაემგზავრა იტალიაში, ფლორენციაში, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. სასწავლო მიზნით იყო მალტასა და ნორვეგიაშიც, სადაც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა კურსი და ტრენინგი გაიარა.

"უცხოეთში სწავლამ და იქაურმა ცხოვრებამ ბევრი რამ სხვანაირი თვალით დამანახა. მხოლოდ დადებითი ემოციები მქონდა და სირთულეებსაც მარტივად გავუმკლავდი",- გვითხრა ადამ.

იხსენებს, რომ გაცვლით ტრენინგ კურსების განმავლობაში საინტერესო იყო როგორც ტრენერების, ასევე მონაწილეების დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ. გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. ადა რადიო "ათინათს" ეუბნება, რომ გამორჩეულად მოეწონა ევროპელი სტუდენტების გულმოდგინება, ყურადღება და მიზანდასახულობა. გარდა ამისა, უშუალოდ სწავლების პროცესში ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენება და ინტერაქციული პროცესების სიხშირე მისთვის სიახლე აღმოჩნდა.

ამჟამად ინგლისურს ასწავლის როგორც სკოლაში, ასევე უცხოურ კომპანიაში. პარალელურად გადის სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამას მასწავლებებლთათვის, რომ მუდმივად ჰქონდეს უახლესი ინფორმაცია მის სფეროში არსებულ ტრენდებზე. საკუთარი უცხოური გამოცდილება პრაქტიკაში გამოიყენა და მომავალშიც აპირებს, ყველანაირ სიახლეს ფეხი აუწყოს.

"უცხური გამოცდილებიდან ვისურვებდი საკითხის ღრმა ახსნა-სწავლის პრაქტიკას, მეტ შესაძლებლობებს და პრაქტიკულ გამოცდილებას საკითხების გარშემო. ახალგაზრდებს ვურჩევ უცხო ენების შესწავლას, რათა გაიხსნას ყველა არსებული შესაძლებლობა მათთვის და არ დაკმაყოფილდნენ იმით, რასაც აკეთებენ. მთავარია, გჯეროდეს შენი შესაძლებლობების",- გვითხრა საუბრის ბოლოს გოგილავამ.

თავად ადა აპირებს, საკუთარი გამოცდილება დ ცოდნა გამოიყენოს და გაუზიაროს მათ, ვინც ახლა იწყებს შესაძლებლობების ათვისებას და ამით წვლილი შეიტანოს განათლების სფეროს განვითარებაში.


ეს სტატია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

This article was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.

Print