სტატია
,,ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტი ზუგდიდელი სალომე შონია - გამოცდილება და გამოწვევები
უკვე შვიდი თვეა, ზუგდიდელი სალომე შონია ვენაში ,,ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში’’ სამაგისტრო პროგრამაზე ადამიანის უფლებების მიმართულებით სწავლობს.

ახალ გარემოში ცხოვრება და სწავლა არ გასჭირვებია, რადგან, მისი თქმით, მანამდეც, საკმაოდ დამოუკიდებელი იყო.

ჰყვება, უნივერსიტეტში შესვენებაზე მეგობრებისგანაც ბევრ რამეს სწავლობს და დიდ გამოცდილებას იძენს. გვითხრა, რომ აქ სწავლის პროცესში განსაკუთრებულად ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები განავითარა.

,,პირველ რიგში, განსხვავება ევროპულ და ქართულ განათლებას შორის ის არის, რომ ევროპაში გასწავლიან ანალიტიკურ აზროვნებას, ცდილობენ, შენი ორგანული ნატურალური აზრი შექმნა, რაღაც ახალი თქვა. შესვენებაზე ჩემს მეგობრებთან საუბრის დროსაც იმდენს ვსწავლობ, ყველას თავისი ქვეყნის პერსპექტივა შემოაქვს, კრიტიკული აზრი შემოაქვს და ამით ძალიან იზრდები. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ უნივერსიტეტში (CEU) სწავლობდნენ, სხვადასხვა ქვეყნიდან ყოფილი პრემიერ - მინისტრები, მინისტრები, საქართველოდან თინა ხიდაშელი, გიორგი მარგველაშვილი, ზურაბ ჟვანია...“, - გვიამბო მან.

სალომეს ავსტრიაში ყოფნისას ყველაზე მეტად ოჯახის წევრები, მეგობრები და ბებოს მომზადებული ხაჭაპური ენატრება.

,,მე იმაში გამიმართლა, რომ ჩემი უნივერსიტეტი არის ინტერნაციონალური ადგილობრივები ავსტრიელები თითქმის არ სწავლობენ და ყველა რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოსული, ერთი განცდა გვაქვს, ყველას სახლი გვენატრება, ყველა სტუმრები ვართ ამ ქვეყანაში და ამ საერთო განცდამ მაინც გაამარტივა, უცხოდ არ ვგრძნობ ამ ქვეყანაში და ქალაქში თავს, იმიტომ რომ, ისედაც უცხოებთან ერთად ვარ“, - თქვა სალომემ.

ახალგაზრდა მაგისტრანტი მანამდე, სხვადასხვა დროს გაცვლითი პროგრამებით თურქეთში, გერმანიასა და სტრასბურგში სწავლობდა. განსაკუთრებულად სასიამოვნოდ ახსენდება კიოლნის უნივერსიტეტი, სადაც სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა.

13 წლისამ ამერიკულ კუთხეშიც იმუშავა მოხალისედ, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა პროექტში.

„ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი, სკოლაც ოქროს მედალზე დავამთავრე, ვიცოდი განათლების და შრომის ფასი და რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობდი და კითხვა ძალიან მიყვარს. ევროპაში სწავლამ და ცხოვრებამ კი კიდევ უფრო კრიტიკული გამხადა, ბევრად უფრო ანალიტიკური, თავმდაბალი გამხადა, ვიდრე საქართველოში ვიყავი“, - გვეუბნება ის.

სალომემ რადიო ,,ათინათში’’ მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა.

,,ძალიან საინტერესო იყო რადიოში მუშაობა, პირველი ადგილი იყო, სადაც სამსახურივით მივდიოდი, პასუხისმგებლობა მეკისრებოდა, თან იყო პირდაპირი ეთერი და ორმაგად საინტერესო იყო“, - იხსენებს ახალგაზრდა სტუდენტი.

ჩვენი რესპოდენტი სამშობლოში დაბრუნებას და საკუთარი ცოდნის გამოყენებას საქართველოში აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, მიიღონ განათლება ევროპაში, შემდეგ დაბრუნდნენ და ამ ცოდნით ქვეყანა გააძლიერონ.

ევროპაში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს კი ურჩევს საკუთარ მიზნებს, გეგმებს და ოცნებებს ლიმიტი არასოდეს არ უნდა დაუწესონ.


ეს სტატია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

This article was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.


Print