ახალი ამბები
მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს აფასებს
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დადებას პარლამენტარები ეხმაურებიან. მმართველი და ოპოზიციური ფრაქციების წევრების შეფასებები არაერთგვაროვანია.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ანგაჟირებულს უწოდებს.

„არასწორი ინფორმაციის ძალიან დიდ დოზას შეიცავს თუნდაც თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით, როდესაც ამბობს, რომ ერთმევა ხალხს ქალაქი. მაშინ, როდესაც ქალაქის მმართველობის არეალი მნიშვნელოვნად იზრდება,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნობიან, განიხილავენ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

საპარლამენტო უმცირესობაში პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ. მათი შეფასებით, თვითმმართველობის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

„შემოთავაზებული ცვლილებები თვითმმართველობის კანონში მართლაც ზღუდავს ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული წარმომადგენლობის პრინციპების გაძლიერებას“, - ამბობს „ენმ“-ის წევრი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატები „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ.

„სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი ხმები, რომ დაძლიოს ვეტო. თუმცა იმის მიუხედავად, დაძლევს თუ არა ვეტოს უმრავლესობა, აქ მთავარი არის ერთი რამ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ მანკიერი ცვლილებების შესახებ“, - აღნიშნავს  „ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს დღეს გადაუგზავნის. სხდომა ქუთაისის პარლამენტში, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას ვეტო დაადო 


Print