ახალი ამბები
პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 187 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების აქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს 123 პატიმარი, 64 პატიმარს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

”რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა მსჯავრდებულთა შეწყალების მორიგი აქტი. დეკემბრის შეწყალების თანახმად, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ 187 მსჯავრდებულს შეეხო შეწყალება. ამ 187 მსჯავრდებულიდან 12 არის ქალი და 3 არის არასრულწლოვანი. დღევანდელი შეწყალების აქტის თანახმად, საპატიმრო დაწესებულებებს 123 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს. ამ 123 მსჯავრდებულიდან 8 არის ქალი და 1 არის არასრულწლოვანი. 64 მსჯავრდებულს, რომელთა შორის არიან როგორც ვადიანი, ისე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდათ სხვადასხვა ოდენობით. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. კომისიამ იმუშავა 14-24 დეკემბრის პერიოდში და სულ განიხილა 1182 მსჯავრდებულის საქმე”, - განაცხადა ქორიძემ პრესკონფერენციაზე.

Print