ახალი ამბები
#STOPCOV - გიგი სიჭინავას ნახატი COVID 19-ის წინააღმდეგ
15 წლის გიგი სიჭინავამ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ნახატი 10 წუთში შექმნა. როგორც მოზარდის დედა ნათია სახოკია გვიყვება, გიგიმ ნახატზე გამოსახულ ორ ახალგაზრდა მამაკაცს სახელებიც დაარქვა. ნიკოლოზი და საბა COVID 19-სგან თავს პირბადით იცავენ. მხატვარმა ვირუსს მწვანე ფერი შეურჩია,ხოლო ნამუშევარს #STOPCOV დაარქვა.

„გასული ვიყავი, დაახლოებით, 10 წუთში მოვბრუნდი და ეს ნახატი დამახვედრა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ვერ თქვას ის, რასაც ფიქრობს და განიცდის, მაგრამ გიგი თავის სათქმელს ნახატებით ყოველთვის გადმოსცემს. კორონავირუსის გავრცელებას  ძალიან განიცდის და ეს ნახატიც ამის გამოძახილია“, - ამბობს ნათია სახოკია.

გიგი სიჭინავამ გასულ თვეებში ჩაგვრის წინააღმდეგ ნახატი შექმნა, რომლის მიხედვით სტიკერები დაამზადეს და სკოლებში დაარიგეს.

მას დღემდე 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს შექმნილი.
Print